საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა შესახებ დიალოგის მეცხრე შეხვედრაში
2016 წლის 20 აპრილს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე დაესწრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო–ევროკავშირის დიალოგის რიგით მეცხრე შეხვედრას.
შეხვედრაზე გაიმართა ღია მსჯელობა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე და განხილულ იქნა საქართველოსთვის აქტუალური არაერთი საკითხი, მათ შორის არჩევნები, მედიის თავისუფლება, უმცირესობათა უფლებები, ანტი–დისკრიმინაციული პოლიტიკა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და სხვა.
დიალოგის ფარგლებში, სახალხო დამცველის მოადგილემ მოხსენება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, შეეხო როგორც დადებით ცვლილებებსა და ტენდენციებს; ასევე, ისაუბრა პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური რეფორმები გატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისა და სუიციდის პრევენციის პროგრამის დანერგვის კუთხით, რაც პირდაპირ აისახა პატიმართა სიკვდილიანობის შემცირებაზე; დადებითი მოვლენა იყო გასულ წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება; ერთეული შემთხვევების გარდა, შეკრებისა და გაერთიანების, ასევე გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
ნათია კაციტაძემ დეტალურად ისაუბრა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის იმპლემენტაციის პროცესზე; სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების რაოდენობასა და შინაარსზე; ასევე, ხაზი გაუსვა პარლამენტში უკვე ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების სწრაფად მიღების აუცილებლობას, რომელიც აძლიერებს სახალხო დამცველის მანდატს ანტიდისკრიმინაციული საქმიანობის პროცესში.
სახალხო დამცველის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რაც დღემდე შეუქცევადია მთელი რიგი მიმართულებებით, როგორიცაა - წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების, ასევე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დოკუმენტირება და გამოძიება, ციხეებსა და პოლიციაში ვიდეო ჩანაწერების შენახვის მცირე ვადები და სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ვიდეო ჩანაწერებზე წვდომის შეზღუდვა, რაც აფერხებს სახალხო დამცველის საქმიანობას; მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები, რაც ნათლად გამოვლინდა გასულ წელს მოსამართლეთა გაუმჭვირვალე და ფორმალურ დანიშვნა/დაწინაურებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შს სამინისტროსაგან განცალკევების თავისთავად დადებითი მოვლენის ფონზე, ხაზი გაუსვა ახლადშექმნილ უწყებაში უკვე გამოვლენილ ხარვეზებს, მათ შორის ე.წ. ოდეერების არსებობის საკითხს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვაზე, რაც როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიერ მუდმივ და ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა თავის მხრივ არსებითად დადებითად შეაფასეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ხაზი გაუსვეს სრულყოფილი შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას და სხვა.