საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილედ ეკატერინე სხილაძე დაინიშნა
2016 წლის 21 ივლისს, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი – ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილედ დაინიშნა.
ეკატერინე სხილაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2008 წელს გაიარა საუნივერსიტეტო კურსი სოციალური მუშაკებისათვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
2007 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესებში. 2007-2012 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში - „ქალთა საინფორმაციო ცენტრი.“ მისი საქმიანობა მოიცავდა პროექტების მენეჯმენტს, რესურსცენტრის ადმინისტრირებას, ასევე, კვლევით საქმიანობასა და ქალთა საჭიროებების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ადვოკატირებას.
2009 წლიდან ჩართულია ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში.
2012-2013 წლებში პრაქტიკას გადიოდა პოლონეთში, აქტიურ ქალთა ასოციაციაში. პრაქტიკის ფარგლებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ატარებდა ტრენინგებს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
2013–2016 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
2014 წლიდან ჩართულია ადამინის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისაკენ მიმართული საკოორდინაციო საბჭოების საქმიანობაში. კერძოდ, არის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის წევრი; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი; ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წევრი.
განხორციელებული საკადრო ცვლილებებით, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, 2015–2016 წლებში, ნათია კაციტაძე საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ დაინიშნა.