საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ტრანსგენდერი ქალისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.
სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. აპარატის წარმოებაში არაერთი საქმეა, რომელშიც შესაძლოა ვლინდებოდეს დისკრიმინაციული მოტივი სხვადასხვა დაცული ნიშნის საფუძველზე. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიების პროცესში არ ხდება სავარაუდო სიძულვილის მოტივზე მსჯელობა ან/და ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ასეთი მოტივის გამოვლენის მიზნით.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე ჭეშმარიტების დადგენა და მათ შორის, დანაშაულის რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არამხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი. საზოგადოებაში გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობის ფონზე არსებობს მსგავსი დანაშაულების განმეორების საფრთხე, მითუმეტეს, რომ საგამოძიებო ორგანოები დისკრიმინაციულ მოტივზე ძირითადად ყურადღებას არ ამახვილებენ.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება, ასევე, საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით.