საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება თბილისის საკრებულოსთან გამართული აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტზე
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს არ შეაფერხონ მისი წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში.
2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არ მიაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის მონაწილეების ადგილსამყოფელის შესახებ, რის გამოც დაკავებულების მონახულების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სწრაფად და ოპერატიულად არ თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან და გონივრული, ლეგიტიმური მიზეზების გარეშე აფერხებენ დაკავებულ პირებთან მათი დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლებამოსილებას.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსთხოვონ ნებისმიერი ინფორმაციისა და ახსნა-განმარტების მიწოდება დაუყოვნებლივ, რაც ამ შემთხვევაში არ შესრულებულა.