ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით

2016 წლის 16 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის მიმართ თავისი შეხედულებები წარმოადგინა.

უჩა ნანუაშვილმა, მრგვალი მაგიდის ფარგლებში, ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი ის ორი სარჩელი განიხილა, რომლებიც ნარკოტესტირებასა და ნარკომომხმარებლების მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მანკიერი პრაქტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

პირველი სარჩელი – ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში 2015 წლის 20 ნოემბერს წარადგინა, ხოლო მეორე სარჩელი – ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდების არაკონსტიტუციურობის შესახებ, მიმდინარე წლის 15 ივნისს.

სახალხო დამცველმა ასევე მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან და პრაქტიკაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.

„ჩვენი მოსაზრებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით და მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული არა პიროვნების დასჯაზე, არამედ მისი რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე“, – განაცხადა უცა ნანუაშვილმა შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სახალხო დამცველის აპარატი მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან.

16.06.16



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)