ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი წლებია იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს. ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში პერმანენტულად აისახება ინფორმაცია იმ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტების შესახებ, სადაც მობინადრეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა მომეტებული საფრთხის წინაშე დგას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, სახალხო დამცველის წარმომადგენლების ჩართულობით, ამჟამად იხილავს თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების, მათ შორის, თბილისში მდებარე ნგრევად ობიექტებში[1] მაცხოვრებელი დევნილების განსახლების საკითხებს. სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში ასახულ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ობიექტებთან დაკავშირებით მომზადდა საექსპერტო დასკვნები. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების 14 ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი (ამათგან, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2 ობიექტიდან დევნილები უკვე გადაყვანილნი და განსახლებულნი არიან).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით (მუხლი 4, პუნქტი 8, „ა“ ქვეპუნქტი), დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრებ ოჯახებს. ამავდროულად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განიხილავს ამავე ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც მათი ქირის თანხით უზრუნველყოფასაც მოიცავს.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სამინისტრო პრიორიტეტულად განიხილავს ნგრევად ობიექტებში მაცხოვრებელი დევნილების გრძელვადიანი ან დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება დევნილთა უსაფრთხოებისა და მათი ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისაკენ.



[1] იგულისხმება ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, რომელიც ნგრევადი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)