საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში გურჯაანში „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ ძალადობრივ ქმედებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ. საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა ადეკვატურად შეფასდეს მომხდარი, გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი და სათანადო სამართლებრივი შედეგები დადგეს მათ მიმართ.
20 აპრილს გურჯაანის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, შეიჭრნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად შენობის დატოვება აიძულეს. დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის 21 აპრილს, გურჯაანის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზეც ჰქონდა ადგილი. მომდევნო დღეს, 22 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შეკრებილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს, პარლამენტის წევრს ირმა ნადირაშვილს და მათთან ერთად მყოფ პირებს კვერცხები ესროლეს.
სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით მსგავსი დაპირისპირება ბოლო პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის. მნიშნელოვანია, თითოეული ასეთი ფაქტის ძალზე დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო გამოძიების შედეგებისა და გატარებული ზომების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჭირდება შეაკავოს მსგავსი ფაქტების განმეორება, არაეფექტური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა შესაძლოა ერთ–ერთი წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.
ამავდროულად, 20 და 22 აპრილს გურჯაანში მომხდარი ინციდენტების შესწავლისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამართალდამცავთა როლს – რამდენად ეფექტურად განახორციელეს საკუთარი საქმიანობა და რამ შეუშალათ ხელი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობის ორგანოებისა თუ მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირებაში. სახალხო დამცველი მანამდე არაერთხელ მიუთითებდა ასეთ ინციდენტებში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მონაწილეობის უარყოფით მხარეებზე, მათ შორის თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი საქმიანობის ეჭვის ქვეშ დაყენების შესახებ. აღნიშნული საკითხი დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს.
თუ ცალკეული პირების ქმედებებში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, აუცილებელია მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჭრილში გარემოებების შეფასება. ასევე, თუ ცალკეული საჯარო მოხელეების კონკრეტული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ წარმოადგენს, უნდა შეფასდეს, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული დისციპლინურ გადაცდომას. საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება ზემოაღნიშნულ ინციდენტებზე რეაგირებას ყველა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან.