საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება „გირჩის“ წინასაარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წინასაარჩევნო რეკლამას. როგორც რეკლამის შინაარსიდან იკვეთება, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა ახალგაზრდა ამომრჩევლებმა მიიღონ, ვინაიდან აქამდე სხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები ასაკოვანი ადამიანების ინტერესებზე იყო მორგებული, რაც ქვეყნისთვის არაპოპულარული არჩევანია.
რეკლამაში არ არის დაბალანსებული მოსახლეობის ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ინტერესები, ამის საპირისპიროდ, ერთგვარი ირონიით არის ხაზგასმული, რომ თუ ქვეყანა ასაკოვანი ამომრჩევლის იმედად დარჩება, ეს არაპროგრესული და განვითარებისთვის ხელისშემშლელი არჩევანი იქნება.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ხელს უწყობს სტერეოტიპული განწყობის გამყარებას ასაკოვანი ადამიანების მიმართ, რომლებიც, ხშირ შემთხვევებში, ისედაც განიცდიან უთანასწორო მოპყრობას. ასეთი მიდგომა ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობასთან დაკავშირებით და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში სხვადასხვა სფეროში დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას ასაკის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ცალკეული ჯგუფების მიმართ. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს „ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩს“, უზრუნველყოს სტერეოტიპების შემცველი წინასაარჩევნო რეკლამის ინტერნეტ სივრციდან მოხსნა.