ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ, 1992 წლიდან დაწესდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით. მისი აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერი ღონისძიებების მობილიზება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის თემაა –ფსიქიკური ჯანმრთელობა და ღირსება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის განსხვავებული მდგომარეობის მიუხედავად, ყველა ადამიანის უფლება ღირსების დაცვით, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა იქნეს რეალიზებული. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პროგრამების განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არსებული ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს დიაგნოსტირებული იყო ფსიქიკური აშლილობის 3 020 ახალი შემთხვევა, თუმცა დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით, ეს ინფორმაცია არასრულია და სულ მცირე ორჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს[1].

სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობის ფარგლებში იკვეთება ისეთი პრობლემები როგორიცაა საზოგადოების დაბალი ცნობიერება და სტიგმა, მაღალი ხარისხის მკურნალობისა და უწყვეტი მოვლის საჭიროება, მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომის არარსებობა, დეინსტიტუციონალიზაცია და თემზე დაფუძნებული ზრუნვის შეთავაზება, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრების ნაკლები ჩართულობა, სოციალური რეაბილიტაციის აუცილებლობა, ადამიანური რესურსების ნაკლებობა, სპეციალური დაწესებულებების ინფრასტუქტურის გაუმართავობა.

2013 წელს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფცია“, რომლის შესაბამისად 2014 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმა“. ეროვნული გეგმა ასახავს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების ხედვას, ფასეულობებსა და პრინციპებს, თუმცა მისი პრაქტიკაში ეფექტური იმპლემენტაციის გარეშე ვერ მოხდება გეგმით დასახული მიზნების და მთავარი ფასეულობების დაცვა, როგორიცაა ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემა; თანასწორობა და ხელმისაწვდომობა; შემწყნარებლობა და სოციალური ინკლუზია.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გადადგან დროული და ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული სამოქმედო დოკუმენტის პრაქტიკული განხორციელების მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრება.



[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2667876 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N762 დადგენილება „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა და 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)