საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ამ დღის დაწესება ემსახურება აუტიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ამასთან, ამ კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით კონკრეტული ქმედებების დაგეგმვას და მათ განხორციელებას, რომელშიც სახელმწიფოებთან ერთად ჩართული უნდა იქნან საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო და კერძო სექტორი.
მიმდინარე წელს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღის თემაა დასაქმება, რომლის სლოგანია – „პროფესიული დასაქმება: უპირატესობა აუტიზმის მქონე ადამიანებს“.
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ამ დღესთან დაკავშირებით ახდენს კამპანია „მოწოდება ქმედებებისკენ“ ინიცირებას, რომლის მიზანია ბიზნეს–სექტორმა იკისროს კონკრეტული პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დასაქმებით. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს სახელმწიფო დაწესებულებებს, კორპორაციებს და მცირე ბიზნესს გაანალიზონ ის, თუ როგორ აღიქვამენ აუტიზმის მქონე ადამიანებს, მეტი დრო დაუთმონ მათ შესახებ ინფორმაციის მიღებას და ხელი შეუწყონ ამ პირთა შესაძლებლობების რეალიზებას.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით თანაბრად სარგებლობა სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია სათანადო სამედიცინო და სხვა სახის მომსახურების მიწოდება, მათ შორის ადრეული სკრინინგი და დიაგნოსტიკა. როგორც ცნობილია აუტიზმის დიაგნოსტიკა შესაძლებელია 18 თვის ასაკიდან. შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე სპეციალისტებისთვის მიმართვა და სათანადო ჩარევა უზრუნველყოფს ბავშვის შესაბამის განვითარებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ პირთა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ფორმირების პროცესისთვის.
საქართველო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. დღემდე არ არსებობს ამ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, სკრინინგი. ამასთან ადგილი აქვს გვიან დიაგნოსტირებას და ინტერვენციას, საჭიროებებზე მორგებული და გათვლილი სახელმწიფო პროგრამების ნაკლებობას, დაბრკოლებებს განათლების უფლების რეალიზების დროს, ბარიერებს ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში, პრობლემურია აუტიზმის მქონე მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული სპეციფიური სასწავლო სტრატეგიების და მეთოდების შემუშავების, მათი დანერგვის საკითხი, ასევე პედაგოგთა კვალიფიკაცია.
აღნიშნული და თანმდევი პრობლემები აბრკოლებს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა შემდგომში განათლებისა და დასაქმების უფლებების სრულფასოვან რეალიზებას, ამ პირთა მიერ ადამიანის სხვა უფლებებით თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ყველა ადამიანის, მათ შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა უფლებების განუხრელი დაცვა და მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.