საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება აპარატში მიმდინარე ცვლილებების შესახებ
2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები, ისაუბრა ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე, ხაზი გაუსვა აპარატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება დაიხვეწოს ადამიანის უფლებებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშების სტრუქტურა, რათა ანგარიშები გახდეს უფრო მარტივად აღქმადი და გამოყენებადი დაინტერესებული პირებისთვის.
პრესკონფერენციაზე ნინო ლომჯარიამ მედიას მიღებული გადაწყვეტილებების შესახებაც ესაუბრა. მათ შორის, აღნიშნა, რომ 21 დეკემბრის ბრძანებით, სახალხო დამცველის აპარატის კუთვნილი ავტომანქანა მერსედეს–ბენცი (GLA) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადასცა. სახალხო დამცველი ვერ ხედავს აპარატისთვის მერსედეს–ბენცის (GLA) მონაცემების და მოდელის მქონე ავტომანქანის საჭიროებას, მითუმეტეს, რომ ყოველწლიურად იზრდება მისი შენახვის ხარჯები, რაც გაუმართლებლად აზარალებს აპარატის ბიუჯეტს. აქვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2016 წლის მარტში ამ ავტომანქანის შეძენას საზოგადოებისა და მედიის მხრიდან ხანგრძლივი უარყოფითი შეფასებები მოყვა.
პროცედურის თანახმად, მომსახურების სააგენტო ავტომობილს აუქციონის წესით გაყიდის და მიღებულ თანხას ცენტრალურ ბიუჯეტს გადასცემს.
ასევე, საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ დაწყებული სასამართლო დავების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ოთხივე თანამშრომელმა, რომლებმაც სარჩელი სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ შეიტანეს, სარჩელის გამოხმობის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი კონსტრუქციული დამოკიდებულება ხელს შეუწყობს კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს შექმნას.
სახალხო დამცველმა აღასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და 2016 წელს გათავისუფლებული ი.ჭ. საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღადგინა.
მომდევნო თვის დასაწყისში სახალხო დამცველი საზოგადოებას ახალ მოადგილეებს წარუდგენს, რომლებიც ადმინისტრაციულ საკითხებთან ერთად კონკრეტულ სფეროებს უხელმძღვანელებენ.