საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ადვოკატის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ, ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიოს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, განახორციელოს დანაშაულის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოავლინოს დამნაშავე პირები. დროის უმოკლეს ვადებში უნდა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოყენებულ იქნას ისეთი საპროცესო ღონისძიებები, რომლითაც გამოირიცხება სავარაუდო დამნაშავე პირების მიერ ზეწოლა, იძულება, მტკიცებულებების განადგურება, ან/და დანაშაულის კვლავ ჩადენა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში სცემეს ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც ამ დროისთვის ელიზაბედ ბლექველის ჰოსპიტალში იმყოფება. სახალხო დამცველის რწმუნებულები ჰოსპიტალში პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ გიორგი მდინარაძეს, რომელსაც არაერთი დაზიანებება აღენიშნება: სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში, ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში, სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს.
როგორც თავად ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, იგი 8 ნოემბერს დაახლოებით 2:15 საათზე მივიდა პოლიციის შენობაში არასრულწლოვანი პირის ინტერესების დასაცავად. დაკითხვის პროცესის დაწყებამდე მან გამომძიებელს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი იყენებდა დუმილის უფლებას. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ცალკე ოთახში სასაუბროდ გაიყვანეს, რასაც ესწრებოდა ასევე მისი მამა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატის მიმართ გამოხატეს აგრესია. იგი შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში და პოლიციის დაახლოებით ხუთმა თანამშრომელმა და მათ შორის პოლიციის უფროსმა, რომლის სახელსა და გვარს ადვოკატი ასახელებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ, შეადგინეს მისი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და საბოლოოდ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, ხოლო საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტს იძიებს პროკურატურა. ამ დროისთვის გაურკვეველი რჩება კონკრეტულად რომელმა უწყებამ დაიწყო გამოძიება და ვინ აგრძელებს მას.
საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ, ისევე როგორც სხვა მსგავს ფაქტებზეც, ახლაც აღნიშნავს, რომ პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის იმავე უწყების მიერ გამოძიება, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. პოლიციელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის მიმართ გამოძიება მყისიერად უნდა დაიწყოს პროკურატურამ და შესაბამისად, ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს პროკურატურამ.
ადვოკატის მიმართ პროფესიული საქმიანობის მსგავსი უხეში ფორმებით ხელის შეშლა თავისთავად შემაშფოთებელია. ამგვარი ფაქტის არსებობა არსებით საფრთხეს უქმნის ინდივიდის უფლების და კანონის უზენაესობის დაცვას, რასაც დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებათა იერარქიაში უმთავრესი ადგილი უკავია. შესაბამისად, სახელმწიფოს რეაგირება ერთგვარი ტესტია, რამდენად არსებობს ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი, რამდენად დაცულია ადამიანის უფლება და რა ლეგიტიმურ ჩარჩოებში ზის პოლიციის უფლებამოსილება.