საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 9 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.
გამყოფ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრ გ.ხ.-ს სულ ერთი თვის წინ შეეზღუდა საკუთრებით სარგებლობის უფლება. ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება, რომელიც დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ დაანონსა, საარსებო წყაროებზე - საკუთარ მიწებსა თუ საძოვრებზე წვდომას უზღუდავს გამყოფი ხაზის მოსახლეობას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სოფელ არცევისა და იკორთის მკვიდრნი კი ომიდან 9 წლის შემდეგაც სრულ იზოლაციაში არიან. 2012 წელს გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ ადგილობრივები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან, თუმცა ვერც ცხინვალის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან ე.წ. სამხრეთ ოსური პასპორტების არ ქონის გამო.
მსგავს მდგომარეობაში ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები სხვა მრავალი პირია, რომლებიც შესაბამისი საბუთების არქონის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას გამყოფ ხაზზე. შედეგად, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გარდა, ხშირად ადგილი აქვს ამ პირთა განათლების, ჯანმრთელობის და სხვა უფლებების შელახვას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მწვავე ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიზირების გარეშე გადაწყდეს და ადამიანის უფლებათა მიდგომის საფუძველზე გამოინახოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
კვლავ გრძელდება უკანონო დაკავებები, რაც ადგილობრივებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას კი ბოლო წლის განმავლობაში გახშირებული გრძელვადიანი დაკავებები იწვევს. 2016 წელს უკანონოდ დაკავებულ გ.გ.-ს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიმდინარე წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაზარდა სანქციები გამყოფ ხაზზე დაკავებული პირების მიმართ. 2017 წლის 5 აპრილს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულ მამა-შვილს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის და ე.წ. „მესაზღვრისათვის“ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებების მანკიერი პრაქტიკა უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და, ასევე, ჩრდილს აყენებს 2016 წლის გაზაფხულზე მიღწეულ შეთანხმებას პატიმართა გათავისუფლების თაობაზე.
შემაშფოთებელია, რომ მოუგვარებელი კონფლიქტების შემადგენელი ნაწილი გახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია. მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ახალი სასწავლო წლიდან ოკუპირებულ ახალგორში ქართულენოვან სკოლებში სწავლების ენის რუსული და ოსურით ჩანაცვლება იგეგმება. ანალოგიური პროცესი აფხაზეთში 1995 წელს დაიწყო და არსებული პოლიტიკის გამო, მომდევნო 5 წელიწადში სრულად განიდევნება ქართული ენა ქართველებით დასახლებულ გალის რაიონის სკოლამდელი, საბაზისო და საშუალო განათლების პროცესიდან. ეს პოლიტიკა სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების მხრივ. საქართველოს სახალხო დამცველმა გალის რაიონის სკოლებში სწავლების რუსულ ენაზე გადაყვანა განათლების უფლებისა დარღვევად და ეთნიკურ დისკრიმინაციად შეაფასა. სავარაუდოა, რომ დე ფაქტო ცხინვალის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება ხელს შეუწყობს ახალგორიდან ქართული მოსახლეობის სრულ გამოდევნას.
მოუგვარებელი კონფლიქტისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამის ფონზე, შეშფოთებას იწვევს დე ფაქტო და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა გახშირებული თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებზე. მიმდინარე წლის ივნისში, ოკუპირებული ახალგორიდან გაიტაცეს სამოქალაქო აქტივისტი თ.მ. ასევე, აფხაზეთში აგორდა კამპანია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტისტების წინააღმდეგ, რომლების სხვადასხვა სამშვიდობო პროექტებში არიან ჩართული. მსგავსი პოლიტიკა ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, რაც უკვე უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ამ რეგიონებში.
სახალხო დამცველი მიესალმება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყებას და თვლის, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენას, მსხვერპლთა უფლებების აღდგენასა და კონფლიქტის მხარეებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის სამშვიდობო პროცესების დაჩქარებას. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროცესის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის აქტიური თანამშრომლობა სასამართლოსთან.
სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს და ამ საზოგადოებების წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების და მშვიდობის საკითხების წამოწევას და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების ტრანსფორმაციას, რაც მხარეებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობას წარმოადგენს.
სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის ერთიანი ხედვა და მიდგომა, რათა რეალურად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა - ყველას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი იმ სიკეთეებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს.