ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მეორე შეხვედრა

2017 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა და საბჭოს მოწვეულმა წევრებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევებისა და აქტუალური მიმართულებების შესახებ.

საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ბავშვის უფლებების მონიტორინგის, გაცემული რეკომენდაციებისა და მიღებული შედეგების შესახებ, მათ შორის, საბავშვო ბაგა–ბაღების მონიტორინგის, „უსაფრთხო სათამაშოების“ კამპანიის მიმდინარეობის, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის პრობლემებისა და აპარატის მიერ ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული სხვა ღონისძიებების შესახებ.

ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის პრობლემური მიმართულებების, სახალხო დამცველის მიერ გაცემული ბავშვთა უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის ძირითადი შედეგების შესახებ. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–3 დამატებითი ოქმის ამოქმედებასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის საჭიროებაზე.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ბავშვთა სიღარიბის, სოციალური დაცვის სისტემის, სოციალური სამსახურის საჭიროებებისა და ფსიქოლოგის სამსახურის გაძლიერების, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობისა და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურის პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელების პრობლემები.

ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის ნოემბერში დაარსდა. საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების მონიტორინგის ხელშეწყობა.

2.10.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)