საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოლდოვის რესპუბლიკის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დელეგაციას უმასპინძლა
2017 წლის 18-20 ოქტომბერს მოლდოვის რესპუბლიკის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის გაცნობა. მოლდოვის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სახალხო დამცველი მიხაილ კოტორობაი, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და წამებასთან ბრძოლის კოლეგიის წევრები.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდნენ. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოლდოველ კოლეგებს პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელების და რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მეთოდოლოგია გააცნეს.
ქართველმა და მოლდოველმა კოლეგებმა ჩაატარეს ერთობლივი სასწავლო ვიზიტი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრში, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორსა და პენიტენციური დეპარტამენტის N16 დაწესებულებაში, სადაც სტუმრები საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დაწესებულებების შემოწმების სპეციფიკას გაეცნენ.