ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულმა ოფისებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს

2017 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულმა წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონებშიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.

აჭარის ოფისმა ადგილობრივი თვითმმართველობების, აჭარის მთავრობის, რესურს-ცენტრების, სოციალური მომსახურების სააგენტოს და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა დისკუსია თემაზე „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში - დღეს არსებული რეალობა და გამოწვევები“. შეხვედრის მონაწილენი ასევე გაეცნენ საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშს. გაიმართა „ინკლუზიური სწავლების ცენტრის“ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებითა და ბათუმის ანბანის კოშკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენლებმა ბავშვის უფლებებზე, ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ სხვა საკითხებზე ისაუბრეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის, მარნეულის №3, ოზურგეთის №1, ფოთის №15 და გამყოფი ხაზის პირას მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. აღსანიშნავია, რომ მარნეულის სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ბავშვის უფლებათა კონვენციის სამ ენაზე (ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად) ადაპტირებული ვერსია გადასცეს. ქუთაისის „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია თამაშით და სხვა აქტივობებით მიაწოდეს.

ბავშვის უფლებებზე, სახალხო დამცველის აპარატში არსებულ ბავშვთა ცენტრსა და მის საქმიანობაზე ისაუბრეს ასევე, „გრემის თემის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის ბენეფიციარებთან; მოისმინეს მათი პრობლემები და საჭიროებები.

1.06.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)