საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას დააკვირდება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება 2016 წლის 5 ოქტომბერს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ღონისძიების მიმდინარეობისას მონიტორინგს გაუწევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვას.
ამავდროულად იმ პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი ან თვითმხილველები, შეეძლებათ დაგვიკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 14 81 (მუშაობს 24–საათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო დღეებსა და საათებში).
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობით – საქართველოს კონსტიტუციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით.
სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების სრულფასოვან განხორციელებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები ნებისმიერი პიროვნებისგან ან ჯგუფისგან, რომელიც შეეცდება აქციისთვის ხელის შეშლას.