ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.

დოკუმენტი შემუშავებულია „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

2015 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. მნიშვნელოვანია საქართველომ ეფექტურად შეასრულოს არა მხოლოდ გაეროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, არამედ მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოიყენოს გაეროს სისტემა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. საბჭოს წევრობა ახალი გამოწვევაა ქვეყნისთვის და მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ადამიანის უფლებათა საკითხებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.

საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და შესაბამისი დადგენილებით სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა; ამ მიზნით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს. სამწუხაროდ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისში. 2015 წელს 7 ათასამდე განცხადება იქნა დაშვებადად მიჩნეული, რაც საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია და მეტყველებს ოფისისადმი გაზრდილ მოლოდინებზე, დარღვეული უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყანაში თავისუფალი გარემოს არსებობაზე.

წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლება აგრძელებდა რეფორმების განხორციელებას მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში.

მისასალმებელია პროკურატურის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, რომელიც აუმჯობესებს პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიებს. თუმცა, კვლავ რჩება მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა გათვალისწინება სამწუხაროდ არ მოხდა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში. მათ შორის საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის და პროკურატურის მაქსიმალური დე პოლიტიზების მიმართულებით.

ასევე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც შსს–დან სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, მათ შორის უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა. წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიცვალა ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის არსი; აღარ არსებობს უწყებათა განუსაზღვრელი წრე, საიდანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეიძლება მიეწოდოს განუსაზღვრელი სახისა და მოცულობის ინფორმაცია. კანონით დადგინდა სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალი რისკის შემცველი უწყებების ჩამონათვალი, ასევე, კონკრეტულად განისაზღვრა ინფორმაციის კატეგორიები, რომელთა გაცვლასაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. თუმცა, ამ ცვლილების მიუხედავად 2016 წლის მარტში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ არსებობის შესახებ. ამიტომ, აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები პრაქტიკაში ზედმიწევნით შესრულდეს და არ იარსებოს საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოგროვების მახინჯმა პრაქტიკამ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა შეისწავლოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ როგორ გრძელდება ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის იმ უწყებებში, სადაც მათი მუშაობა კანონით გამოირიცხა.

ბოლო წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად კვლავ რჩებოდა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომლის თანმიმდევრული იმპლემენტაცია უკვე აისახა პროპორციულ და გონივრულ სასჯელებზე, ასევე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაზე. ამასთან, დადებითად უნდა შეფასდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება. დადებითია მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელიც 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა. თუმცა, იმისათვის, რომ მოწმეთა დაკითხვა ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტით განხორციელდეს, კანონის სრულყოფა აუცილებელი იქნება მომავალშიც.

საანგარიშო პერიოდში მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა. საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმის მიუხედავად, სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი.

განსაკუთრებით საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების და დანიშვნის გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესი, რომელიც არ ეფუძნებოდა კანდიდატთა პროფესიული საქმიანობის სამართლიან და ობიექტურ შეფასებას. ისევე როგორც წინა წლებში სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები, თუმცა მიმართვები რჩებოდა ადეკვატური რეაგირების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა.

საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩებოდა პოლიციასა და პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა. სახალხო დამცველი მიესალმება 2015 წელს პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მიეცემა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება. დადებითად უნდა შეფასდეს ცვლილებები, რომელიც მიმართულია პენიტენციური სისტემის ცენტრალიზებულ მართვასა და შიდა ინსპექტირების სისტემის გაუმჯობესებისკენ. სახალხო დამცველი ასევე პოზიტიურად აფასებს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების სისტემის შემოღებას და ხაზს უსვამს, რომ ამ სისტემის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია მოხდეს რისკების სწორი შეფასება, ხოლო შემდგომ პერიოდულად გადასინჯვა. ამ პროცესში მსჯავრდებულმა დაუბრკოლებლად, სრულად უნდა ისარგებლოს სამართლებრივი დაცვის გარანტიებით.

არსებითი ხასიათის ხარვეზებია პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის სათანადო დოკუმენტირებისა და შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით. საგამოძიებო ორგანო, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას, ვინაიდან ეს ჩანაწერები არ ინახება გონივრული ვადით. მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, რომლის თანახმადაც ასეთი ჩანაწერები გონივრული ვადით უნდა იყოს შენახული, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების შესაბამისად, ასეთი ჩანაწერები ინახება არანაკლებ 24 საათისა. ამდენად, კვლავ გაუგებარი რჩება, რეალურად რა ვადით ინახება სათვალთვალო კამერებით განხორციელებული ჩანაწერები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს არ ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ასეთ ჩანაწერებს, რაც პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის განხორციელებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებებში კვლავაც არსებობს არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკი.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია კვალავაც უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახალხო დამცველთან/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე, რაც სახალხო დამცველის შეფასებით ეწინააღმდეგება ასეთი შეხვედრების კონფიდენციალურობის პრინციპს. გარდა ამისა, პრობლემურია დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტენდენცია და ზოგადად დისციპლინური სახდელების გამოყენების არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ეჭვქვეშ აყენებს დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობას.

პენიტენციურ დაწესებულებებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პატიმართა შორის ძალადობის პრევენცია, ციხის კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენის წინააღმდეგ ქმედითი ზომების მიღება და წესრიგის დაცვა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, განპირობებულია დაწესებულებებში პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობების სიმწირით. დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურა არ აძლევს პატიმრებს საშუალებას დაკავდნენ სპორტით ან სხვა საინტერესო აქტივობით, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ასეთ პირობებში იზრდება პატიმართა უკმაყოფილება, რაც მოთხოვნის/საჩივრის განხილვის ეფექტური შიდა მექანიზმის არარსებობის გამო, ხშირად პატიმართა მიერ თვითდაზიანებასა და პროტესტის სხვადასხვა უკიდურეს ფორმებში ვლინდება.

სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების კავშირი გარესამყაროსთან უკიდურესად შეზღუდულია, რაც ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. მნიშვნელოვანია განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ბრალდებულთა უფლებების უკეთესად დაცვისათვის.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირად ადგილი აქვს პატიმართა გადაყვანას აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე პენიტენციური დაწესებულებებიდან დასავლეთ საქართველოში მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში და პირიქით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საიდუმლო წერილს, რომელიც სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ შორ მანძილზე გადაყვანის შედეგად, პატიმრებს უჩნდებათ ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტის შენარჩუნების პრობლემა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ N7 დაწესებულებაში დღესაც უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს დაწესებულების ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სახალხო დამცველმა აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა. ამდენად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით, ხოლო დაწესებულების დახურვამდე, აუცილებლად მიაჩნია დროებითი ღონისძიების სახით, პატიმართა მძიმე მდგომარეობის გარკვეულწილად შესამსუბუქებლად კონკრეტული ზომების დაუყოვნებლივ მიღება.

წინა წელთან შედარებით შემცირებულია პატიმართა გარდაცვალების, მათ შორის, სუიციდის შემთხვევები. გარდაცვალების შემთხვევათა შემცირება პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის სრულყოფისაკენ მიმართული ძალისხმევა.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით გაიზარდა პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილი სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს ასევე ადასტურებს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ჩატარებული კვლევაც.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2015 წელს მწვავედ იდგა პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი და შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უმეტეს შემთხვევებში, განმცხადებელთა ახსნა-განმარტებებში იკვეთება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის პოლიციის თანამშრომელთა წინასწარი, მიზანმიმართული მზადება და მისი განხორციელება, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, რაც წამების დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზოგიერთი განმცხადებლის სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხასიათი, ასევე ის ფაქტი, რომ მიღებული დაზიანებების გამო აუცილებელი გახდა რამდენიმე მათგანის სამოქალაქო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ, რიგ შემთხვევებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე დაკავებულ პირებს ღამის გატარება პოლიციის სამმართველოში მოუწიათ. იზოლატორში შესახლებამდე დაკავებული პირების პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა, შესწავლილ შემთხვევებში, 5 საათიდან 23 საათამდე მერყეობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ფაქტობრივი დრო არ ემთხვევა განმცხადებლის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის დასახელებულ დროს.

შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის მიერ 2015 წელს საქართველოს მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილი 11 წინადადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე და ეს მაშინ, როცა სახალხო დამცველის წინადადებებში მითითებული გარემოებები შეიცავს წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში პენიტენციურ სისტემაში ჩადენილი დანაშაულების კვალიფიკაციის მხრივ მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესებულია. სახალხო დამცველის მიმართვის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდოდ ჩადენილი არაერთი დანაშაული დაკვალიფიცირდა სპეციალური მუხლით - საქართველოს სისხლის კოდექსის 1443-ე მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა).

საქართველოს სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით საგანგაშო იყო 2015 წლის 8 ნოემბერს,თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში, პოლიციის თანამშრომლების მიერადვოკატ გ.მ.-ს ცემის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისგებაში მიეცა აღნიშნული განყოფილების უფროსი, სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია გამოვლენილი და დასჯილი ყოფილიყვნენ ამ დანაშაულის მონაწილე სხვა პოლიციელებიც, რაც გამოძიების ხარვეზად უნდა შეფასდეს.

სახალხო დამცველისთვის საგანგაშო იყო 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, ბრალდებულ გ.ო.-ს მიმართ, რომელსაც ბრალი წარედგინა ცრუ დასმენისთვის. სამართალდამცავების პოზიციით, პატიმარმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომლის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ბრალდებულის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მოგვიანებით მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა და თავად ხსენებული პატიმარი მიეცა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში, პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე.

საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წამების თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ შეიძლება იყოს პირის/პატიმრის წინააღმდეგ მიმართული და გამოყენებული ან გახდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. აღნიშნული გამომდინარეობს წამების აბსოლუტური აკრძალვისა და საერთაშორისო კონვენციური ვალდებულებებიდან, ასევე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის განხორციელების საფუძვლებიდან. ამასთან, მოცემული შემთხვევა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის რეალური საფრთხის გამო, ყველა თავისუფლებააღკვეთილი პირის მიერ საჩივრის წარდგენისგან თავის შეკავების საფუძვლიან ალბათობას ქმნის. ეს კი თავის მხრივ, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის შემაფერხებელ უპირობო გარემოებად შესაძლოა იქცეს.

სამწუხაროდ, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა კვლავ არაეფექტურია. 2015 წლის განმავლობაში ისევ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავთა მხრიდან, ასევე პენიტენციურ სისტემაში ჩადენილ მსგავს დანაშაულებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი, რაც კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს უმოკლეს ვადებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს.

საქართველოს სახალხო დამცველი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთან“ დაკავშირებით. სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ, სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების, მათ შორის ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტების გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დღემდე უცნობია სახალხო დამცველის 2013–2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში მითითებული გახმაურებული და საზოგადოებაში მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების შედეგები. სამწუხაროდ გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებული პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის.მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ სამართალდამცავი უწყებების ქმედებები უფრო ეფექტური და გამჭვირვალე უნდა იყოს.

ამ დრომდე კვლავ უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალური გამოძიების შედეგები. კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებული პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის. შესაბამისად, გამოძიება უნდა იქნეს მიჩნეული არაეფექტურად და სახალხო დამცველი სამი წლის შემდეგ განმეორებით მოუწოდებს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ამ მოვლენების შესასწავლად.

2015 წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება მიემართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატისათვის საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების ნებართვისათვის. სასამართლომ ნებართვა 2015 წელსვე გასცა .

არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი იქნა დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით, რომელთა მიმართაც წინასწარი პატიმრობის არაჯეროვანი გამოყენება ქმნიდა სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნებს. ამ მხრივ საგულისხმოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილე სამ პირს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, მაშინ, როდესაც სხვა არაერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა ენმ-ის წევრები გახდნენ ზეწოლის ობიექტი, პატიმრობა არ ყოფილა გამოყენებული და სასამართლო ადმინისტრაციული ჯარიმებით შემოიფარგლებოდა. აღნიშნული მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შერჩევითი სამართლის ნიშნებს აჩენს. მისასალმებელია, რომ აღმკვეთი ღონისძიება შემდეგში შეიცვალა.

2015 წლის განმავლობაში გამართული აქციების ნაწილი ექსცესების გარეშე ჩატარდა, თუმცა, იყო რამდენიმე გამონაკლისი, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უზრუნველყოფა ან/და მოხდა შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო მრავალფეროვანი მედია გარემო. თუმცა 2015 წლის ბოლოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესახებ მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში მწვავედ დადგა ჯანსაღი მედია გარემოს შენარჩუნებისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხები. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩება ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

2015 წლის განმავლობაში მასშტაბური სახე მიიღო ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ. დაფიქსირდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებისა და საჯარო ჩვენების, ასევე, პირადი სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტები. დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას 2016 წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს დანაშაული და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გონივრულად მოკლე ვადებში უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რითაც მნიშვნელოვნად გამკაცრდება სანქციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ახალი რეგულაციები დაწესდა, რაც უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა.

შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა და სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი კვლავ სახეზეა. სამწუხაროდ, სახელმწიფო დონეზე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები შრომის უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოს - შრომის ინსპექციის შესაქმნელად, რაც სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანი იყო ბოლო წლების განმავლობაში. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი პროგრამა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

ქვეყანაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. კერძოდ, დაბალია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. ამასთან, შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები, განსაკუთრებულ პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ადრეულ ასაკში ქორწინების მაღალი მაჩვენებლები. სამწუხაროდ, სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთხელ გაცხადებული დაპირებისა, დღემდე არ მომხდარა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპის საბჭოს 2011 წლის „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირება.

გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება 2015 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, მშვიდობიან გარემოში აღნიშვნას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე დანაშაულის ჩამდენი არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონში არსებული ხარვეზები, სახალხო დამცველს უქმნის რეალურ დაბრკოლებას ეფექტურად განახორციელოს მასზე დაკისრებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის და თანასწორობის უზრუნველყოფის ფუნქცია, ხოლო დისკრიმინაციის მსხვერპლს ხელს უშლის ეფექტურად აღიდგინოს მისი დარღვეულ უფლებები. ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წინადადების ინიცირება მოხდა პარლამენტის მიერ, სამწუხაროდ პროცესი ჭიანურდება და ჯერ–ჯერობით კანონში ცვლილებები არ არის შესული.

საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქეების, უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება, რის შედეგადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს.

მიმდინარე წელსვე ჩატარდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში. დიდი საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნის გამონაკლისი შემთხვევის სახით სამხედრო ნაწილში შექმნის საკითხმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ მიმართულებით დღის წესრიგში დგას არსებული საკანონმდებლო რეგულირების შეცვლის საჭიროება.

ვითარება კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით. საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემურია ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება. ბავშვთა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებში ხელისუფლების საგანგებო ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. გარდა ამისა, მწვავე პრობლემები ფიქსირდება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებსა და რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებული პანსიონებში. ამასთან, კვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან.

პრობლემას წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა. კერძოდ, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაცია.ასევე, საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი. კვლავ სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდებოდა სეკულარიზმის პრინციპის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით.

დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი, სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზის არარსებობა, რის გამოც უცნობია საქართველოს მასშტაბით თავშესაფრის საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა. ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ნაკლებობა. სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მხრივ კვლავ საგანგაშო მდგომარეობაა ხელვაჩაურში, ბათუმთან მდებარე ე.წ. „მუყაოს დასახლებაში“.

განსაკუთრებით მძიმეა მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის და საცხოვრებელი გარემო/პირობების კუთხით. დადებითად უნდა აღინიშნოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მიღება. თუმცა, საქართველოს მთავრობამ უმოკლეს ვადებში უნდა შეიმუშაოს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაღალმთიან რაიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების კუთხით კვლავ გამოწვევად რჩება დასაქმება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება და მიგრაცია. აქტუალურია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებით საგანგაშო იყო გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რაც დღემდე გრძელდება და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ყველა შესაძლო ზომის მიღებაა საჭირო ამ მდგომარეობის შესაცვლელად.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დევნილთა განსახლება და სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება.

საანგარიშო პერიოდში ერთ–ერთ ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენდა ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზება. დაბალია მოსახლეობის დროული ინფორმირების და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის ხარისხი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღებისას, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებაზე. მათ შორის „აჭარისწყალის“, ხუდონის და სხვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, ასევე პრობლემური იყო საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების გავლენა ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სტატუსის მოხსნის თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებები მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა კერძო კომპანიის ქმედებებს და დღეს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი, კერძო ბიზნეს ინტერესების ხარჯზე, განადგურებულია.

პროექტის „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, მიუხედავად მისი მასშტაბებისა და გავლენისა დედაქალაქში არსებულ გარემოზე, გარდა იმისა, რომ არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას, ასევე, კანონმდებლობის თანახმად, მისი მშენებლობის ნებართვა გაიცა მარტივი ადმინისტრაციული წესით. შესაბამისად, საზოგადოების ჩართულობა მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე პრაქტიკულად არ არსებობდა, რაც საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით გაუმართლებლია და საერთაშორისო მოთხოვნების უგულებელყოფას წარმოადგენს.

მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, რაც რამდენიმე ათეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემაში გამოიხატება, წინა წლების მსგავსად კვლავ მძიმეა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ათი ათასობით ოჯახის მდგომარეობა. მთავრობის მიერ შეჩერებულია „ეკომიგრანტების შესახებ“ კანონის მიღება. სახელმწიფო არ ახორციელებს პროგრამებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ეკომიგრანტის განსახლებულ პუნქტში ადაპტაცია და რეგიონში დამკვიდრება. არაფერი კეთდება სტიქიური უბედურებების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციისათვის. ყველა ამ პრობლემამ ერთდროულად იჩინა თავი თბილისში 2015 წლის 13–14 ივნისის სტიქიის დროს, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და გაცილებთ მეტი ადამიანი დარჩა საცხოვრებლის გარეშე. თუმცა, საზოგადოების მობილიზება სტიქიის შედეგებთან გამკლავებისათვის სამაგალითო იყო.

სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული მესხების დაბრუნების საკითხი დღემდე აქტუალურ განსჯის საგნად რჩება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადასახლებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

კვლავ გამოწვევად რჩება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის იმპლემენტაცია, ისევე როგორც კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება. სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება, დასაქმება, ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა თუ ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა არაერთი პრობლემა ხანდაზმულ პირთა უფლებების რეალიზებასთან მიმართებით. ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, სოციალურ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან, არ არსებობს ძალადობის მსხვერპლ ხანდაზმულ პირთა იდენტიფიცირების, დაცვისა და პრევენციის ქმედითი მექანიზმი. სახელმწიფოს კვლავ არ გააჩნია ხანდაზმულთა მიმართ ეფექტური პოლიტიკა და მათი უფლებებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის სტრატეგია.

წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა, ისევე როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით იკვეთება რიგი პრობლემები. წვევამდელთა შემოვლა ექიმებთან მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც რიგ შემთხვევებში წვევამდელების პატივსა და ღირსების შელახვას იწვევს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ამ პროცესში წვევამდელთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების პროცესი, რაც ამ ეტაპზე ხარვეზებით მიმდინარეობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება ძირითადად დაცვის სამსახურის მიზნებისთვის ხდება, არ მიმდინარეობს მათი საბრძოლო და ფიზიკური მომზადება. შესაბამისად, აუცილებელია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემური დახვეწა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 6 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ფაქტი, საიდანაც 2 დაკვალიფიცირდა თვითმკვლელობად. გამოიკვეთა, რომ სუიციდი ძირითადად გამოწვეული იყო სოციალური პირობებით.

დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები შეექმნათ და შეეზღუდათ კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება. მსგავსი პრაქტიკა ბუნებრივია დაუშვებელია და უნდა იყოს გამორიცხული ყველა შემთხვევაში.

თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, დღემდე უმთავრეს გამოწვევად რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლებით, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მინიჭებაზე უარის თქმის განმარტება თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის, რითაც ირღვევა ეფექტიანი სამართალწარმოების პრინციპი. მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული ორგანოს პასუხი შეიცავდეს დასაბუთებას ფაქტობრივი გარემოებების მითითებით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია

01.04.16

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)