ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის 2012-2017 წლების საქმიანობის ანგარიში

2017 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2012-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო.

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა ინდივიდუალური საქმისწარმოების, მონიტორინგის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და განათლების, ასევე საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სახალხო დამცველის მანდატის გაფართოებას, აპარატში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებსა და იმ პროგრესს, რომელიც აპარატმა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხუთი წლის განმავლობაში განიცადა.

საანგარიში პერიოდში ორჯერ გაიზარდა სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა; კერძოდ, 2012 წელს შემოვიდა 4 291 განცხადება, 2016 წელს - 8 827 განცხადება, ხოლო 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით შემოსულია 7697 განცხადება. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის ნოემბრიდანსახალხო დამცველის აპარატში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც 2017 წელს 4801 ზარი დაფიქსირდა, 2015-2017 წლებში კი - 7625 ზარი. ზარები შემოსულია როგორც საქართველოს რეგიონებიდან, დიდი ქალაქებიდან, ასევე პენიტენციური დაწესებულებებიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და კერძო (ფიზიკური და იურიდიული) პირების მიმართ, 2017 წელს 107 რეკომენდაცია, წინადადება და ზოგადი წინადადება გასცა, ჯამში კი, 2012-2017 წლებში 657 რეკომენდაციაა გაგზავნილი.

2012-2017 წლებში მომზადდა 74 სპეციალური ანგარიში, 14 საკანონმდებლო წინადადება, 35 კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება/შენიშვნა, გაიგზავნა 12 კონსტიტუციური სარჩელი და 28 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება.

გაზრდილია სახალხო დამცველის ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებით, 2014-2017 წლებში საქართველოს სახალხო დამცველმა სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადაცვით ინსტიტუტებში 45 წერილობითი მოსაზრება/კითხვარები მოამზადა და გააგზავნა.

საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონული ოფისების გაძლიერებას. საანგარიშო პერიოდში გაიხსნა სამი ახალი ოფისი: თელავში 2014 წელს, ოზურგეთში 2015 წელს და მესტიაში 2017 წელს. ამ დროისთვის რეგიონული ოფისების რაოდენობა 9-ს შეადგენს, სადაც 4 940 მოქალაქეს გაეწია კონსულტაცია. ამასთან, საქართველოს რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით განხორციელდა 106 ვიზიტი.

სახალხო დამცველმა 2014 წლიდან დაიწყო ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების პროცესის მონიტორინგი და 2014-2017 წლებში აპარატმა 247 მოქალაქის დაბრუნების მონიტორინგი განახორციელა.

საქართველოს სახალხო დამცველი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს ადამიანის უფლებადაცვით ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, რომელმაც 2017 წელს, მონიტორინგის მიზნით, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა ქაბულში, ავღანეთში.

საქმიანობის ანგარიშს საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოების წინაშე 2013 წლიდან წარადგენს.


იხილეთ ანგარიშის პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია

27.11.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)