საქართველოს სახალხო დამცველი ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის მშენებლობისას განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
2016 წლის 10 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენლები ხარაგაულში, რკინიგზის სამშენებლო კომპანიაში დასაქმებულ მუშებს შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღეს.
კომპანიაში დასაქმებულები განმარტავენ, რომ მათთვის უზრუნველყოფილი არ არის შესაბამისი სამუშაო პირობები, შრომის უსაფრთხო გარემო და ჰიგიენური ნორმები, ვერ სარგებლობენ დასვენების და უქმე დღეებით და შვებულებით, საპატიოდ არ ეთვლებათ სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ჯანმრთოლობის გაუარესების გამო, არ იცნობენ შრომის ხელშეკრულების პირობებს, არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას ანაზღაურების ოდენობის შესახებ, რადგან ანაზღაურებას იღებენ საბანკო გადარიცხვის გარეშე. მუშაობენ გაუმართავი ტექნიკით. დასაქმებულებს არ აქვთ შრომის პირობების შესაბამისი სამუშაო უნიფორმა, არ არიან უზრუნველყოფილნი კვებით და სამედიცინო მომსახურებით.
დასაქმებულების მხრიდან პროტესტი ორი პირის სამსახურიდან დათხოვნის მცდელობას მოყვა, რომელთა გათავისუფლება კომპანიამ გვირაბის აფეთქების შემდგომ, სამუშაოს დაუყოვნებლივ დაწყებაზე უარის თქმის გამო გადაწყვიტა. მუშები განმარტავენ, რომ გვირაბის აფეთქებიდან 1 საათის განმავლობაში მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან აფეთქების შემდგომ დაგროვილი მტვერი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, დასაქმებულები ასევე მიუთითებენ კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ღირსებისა და პატივის შემლახველ დამოკიდებულებაზე.
საქართველოს სახალხო დამცველი, მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, შეისწავლოს ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის მშენებლობის ზვარე-ქვიშხეთის მონაკვეთზე არსებული შრომის პირობები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, სამუშაოს შესრულებისას დაზიანებული და დაღუპული პირების მაღალი რაოდენობა ცხადყოფს, რომ აუცილებელია შეიქმნას ქმედითი მექანიზმი შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სათანადო პირობების დაცვის მიზნით. სახალხო დამცველმა 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ბევრჯერ ისაუბრა შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.