ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი თომას ჰამერბერგს შეხვდა

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული გამოწვევები განიხილეს.

სახალხო დამცველმა ექსპერტს გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამ თემაზე მომზადებული სპეციალური ანგარიში გააცნო. ასევე ისაუბრეს ქართველი და აფხაზი უფლებადაცვითი ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების შესახებაც, რომელიც სახალხო დამცველის ინიციატივით 2014 წლიდან ევროპის საბჭოს მხარდაჭერით იმართება.

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის დროული გამოძიების და მსგავსი ინციდენტების აღკვეთის მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე. ასევე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვას შეეხება.

თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, შეაფასებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას. მისია ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება დაევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

16.09.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)