საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
2017 წლის 27 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სტრასბურგში ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსს შეხვდა. სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა კომისარს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები.
უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, შრომის ინსპექციის საჭიროებასა და ანტიდისკრიმინაციული კანონის დახვეწის საკითხებზე.
სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა კომისართან მართლმსაჯულების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა, მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, გაუზიარა რეკომენდაციები და შენიშვნები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.