ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს

2016 წლის 19 მაისს სახალხო დამცველმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს უმნიშვნელოდ შემცირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირთა რაოდენობა, სხეულის დაზიანების 916 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა. ასევე შემცირებულია პოლიციის მიმართ პრეტენზიით მიმართვის შემთხვევები (30 შემთხვევით ნაკლები). მიუხედავად ამისა, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუარესებულია.

2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, გაიზარდა პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილი სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს ასევე ადასტურებს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგი. უმეტეს შემთხვევებში, განმცხადებელთა ახსნა-განმარტებებში იკვეთება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის პოლიციის თანამშრომელთა წინასწარი, მიზანმიმართული მზადება და მისი განხორციელება, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, რაც წამების დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზოგიერთი განმცხადებლის სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხასიათი; დაზიანებების გამო რამდენიმე მათგანი სამოქალაქო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე დაკავებულ პირებს ღამის გატარება პოლიციის სამმართველოში მოუწიათ. დაკავებული პირების პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა, შესწავლილ შემთხვევებში, 5 საათიდან 23 საათამდე მერყეობს; ამასთან, დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ფაქტობრივი დრო არ ემთხვევა განმცხადებლის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის დასახელებულ დროს.

შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის მიერ 2015 წელს საქართველოს მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილი 11 წინადადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით და ეს მაშინ, როცა სახალხო დამცველის წინადადებებში მითითებული გარემოებები შეიცავს წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს.

ცალკეულ შემთხვევებში პრობლემური იყო პოლიციის მიერ დაკავებული პირების ისეთი სამართლებრივი დაცვის გარანტიების უგულვებელყოფა, როგორიცაა უფლებების განმარტება, ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირება.

პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების ოქმებში არაერთხელ დააფიქსირეს მოქალაქეების მხრიდან აგრესიის გამოვლენის ტენდენცია, რა დროსაც, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციის თანამშრომელთა არასაკმარისი კვალიფიკაციის პირობებში, მაღალია ძალის გამოყენების და გადამეტების ალბათობა.

წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს შეიცავს პოლიციის მიერ პირთა გამოხატული და თავისუფალი თანხმობის გარეშე ჩატარებული ე.წ. „გასაუბრების“ პრაქტიკა პოლიციის ავტომანქანაში, სამმართველოში ან განყოფილებაში, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს საპროცესო უფლებების განმარტების გარეშე, თვითნებურ დაკავებას.

2015 წელს კვლავ პრობლემას წარმოადგენდა პოლიციის სამმართველოების უმეტესობაში შიდა პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არარსებობა, რაც დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამხრე ვიდეოკამერებით და მანქანის ვიდეო რეგისტრატორებით აღიჭურვონ არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, არამედ დეტექტივ-გამომძიებლები და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებიც. ასევე, აუცილებელია, პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დაუბრკოლებელი წვდომა იზოლატორებში და პოლიციის სამმართველოებში არსებულ ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემებზე. ანგარიშში დეტალურად არის მიმოხილული წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის რისკფაქტორები და მათი აღმოფხვრის მიზნით გაცემულია არაერთი კონკრეტული რეკომენდაცია.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

19.05.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)