ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯაროდ განთავსებასა და ჩვენებას ეხმაურება

საკითხის სიმძიმის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმაურება სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯაროდ გავრცელებისა და ჩვენების ფაქტს და ხელისუფლების შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა ვებ–გვერდმა საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. აღნიშნული ვიდეომასალა ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა პირებისა და ორგანიზაციების მიერ ინტერნეტში და მოეწყო მათი საჯარო ჩვენება ზუგდიდსა და თბილისში.

ფარული, უკანონო ჩანაწერები, რომელთა დიდი ნაწილი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ მხოლოდ იმ მიზნით არ გაანადგურა, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარებულიყო, არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ჩანაწერები, როგორც წესი, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს და თუკი ასეთი ჩანაწერები გარეშე პირთა ხელში აღმოჩნდა, სავარაუდოდ, ეს დანაშაულებრივი გზით მოხდა, რაზეც ეფექტური და სწრაფი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი უმძიმესი დანაშაულების ჩადენის ფაქტები დადგენილია (არსებობს არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი), ხოლო ამ დანაშაულების მსხვერპლთა დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ჩანაწერების გამოქვეყნების თითოეული შემთხვევა მათ ხელახალ ტკივილს და ტრავმირებას იწვევს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ემსახურება თუ არა საზოგადოებრივი ინტერესს მსგავსი კადრების საჯაროდ გავრცელება. ამ რეალობაში, უპირატესობა სწორედ მსხვერპლთა ინტერესების დაცვას უნდა მიენიჭოს, რომლებიც ჩვენს გვერდით აგრძელებენ ცხოვრებას და ვფიქრობ, გაცილებით ნაკლებია იმ ინტერესის მნიშვნელობა, რომელიც ამ ადამიანების ინტერესსა და უფლებების დაცვას გადაწონის. მითუმეტეს, მიუღებელია მსგავსი საჯარო ჩვენებების ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელდასმით ჩატარება.

გარდა ამისა, 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული კადრები იძლევა გაუპატიურების მსხვერპლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ხმის, ფიზიკური აღნაგობის, თმის ფერისა და სხვა ნიშნებით. მიმაჩნია, რომ აღნიშნული კადრების ამ სახით გავრცელება და საჯარო ჩვენება სამართლებრივი სივრციდან სრულიადაა გასული და მძიმე კანონდარღვევას წარმოადგენს. ზემოაღწერილი ნიშნებით მსხვერპლი შესაძლოა იდენტიფიცირებადი გახდეს მისი საახლობლო წრის მიერ, რამაც მისი ხელახალი ტრავმატიზაცია გამოიწვიოს.

სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ მსხვერპლთა უფლებებს, კერძოდ, მათ უსაფრთხოებას, ღირსებას, კერძო და ოჯახურ ცხოვრებას და უნდა აღიარონ დანაშაულის მძიმე შედეგები მსხვერპლისათვის.[1] სახელმწიფოებმა ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყონ მსხვერპლთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის დაცვა.[2]

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157–ე მუხლის პირველი ნაწილი დანაშაულად მიიჩნევს პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელებას ან მისი ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. იმავე მუხლის მეორე ნაწილი კი დანაშაულად მიიჩნევს პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს მიეკუთვნება მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, რომლებიც ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.[3]

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157–ე მუხლის აღნიშნული ნაწილები მოცემული რედაქციით 2014 წლის 2 მაისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანი ნორმის მოქმედების არეალის გაფართოება და სანქციების გამკაცრება იყო. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების თანმხლები განმარტებითი ბარათის მიხედვით, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად სახელმწიფომ საკანონდებლო კუთხითაც უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები თავისი პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად და შექმნას მყარი გარანტიები პირადი ცხოვრების დაცვისა და პატივისცემისათვის. საზოგადოების ლეგიტიმურ მოლოდინს წარმოადგენს იცხოვროს სახელმწიფოში, სადაც მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება მაქსიმალურად იქნება დაცული, ხოლო ასეთი ჩარევის შემთხვევაში დამნაშავე ადეკვატურად აგებს პასუხს თავისი ქმედებისათვის. აუცილებელია შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის საფრთხეს.“ მითითებული ცვლილებების საჭიროება უკანონო მიყურადების და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ გამოკვეთა, რომლის წევრი სახალხო დამცველიც იყო. კომისიამ თავისი 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციების გამკაცრების მიზნით აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის მომზადება.

სისხლის სამართლის კოდექსის მითითებული ნორმა ნებისმიერ პირს, ორგანიზაციას უკრძალავს აღნიშნული პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელებას. ეს გულისხმობს მის როგორც ინტერნეტში ღიად განთავსებას, ასევე საჯარო ჩვენებების მოწყობას საზოგადოებრივ სივრცეებში – სკვერსა და ქუჩაში. ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის საჯაროდ განთავსება და ჩვენება ზრდის რისკს, რომ მას ნახავენ ბავშვები, რაც სერიოზული პრობლემაა მაშინაც, როდესაც მსხვერპლი იდენტიფიცირებული არ არის. უარყოფითად უნდა შეფასდეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში ზემოაღნიშნული ძალადობის კადრების საჯარო ჩვენებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდნენ.

ზემოთ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გამავრცელებლებმა ის საჯაროდ განთავსებული ვიდეომასალა, სადაც მსხვერპლის ზემოთ მითითებული ნიშნებით იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, დაუყოვნებლივ უნდა წაშალონ/აიღონ შემდგომი ზიანის თავიდან ასაცილებლად. ის შემთხვევები კი, სადაც ინფორმაციის გავრცელება ზემოთ მითითებული იდენტიფიცირებადი სახით უკვე მოხდა, გამოძიების საგანი უნდა გახდეს. გამოძიების უნდა დაინტერესდეს იმითაც, იყვნენ თუ არა სამართალდამცავი ორგანოები ინფორმირებულნი თბილისსა და ზუგდიდში გამართული საჯარო ჩვენებების თაობაზე და გამოიყენეს თუ არა მათ ხელთ არსებული ბერკეტები დანაშაულის, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელების აღსაკვეთად.

ამასთან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ყველა იმ უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა გამოძიებისათვის, ისე, როგორც ეს მოხდაზუგდიდში აღმოჩენილ კადრებთან დაკავშირებით. წამების და არასათანადო მოპყრობის დანაშაულებთან დაკავშირებული ასობით საჩივრის წლების განმავლობაში გამოუძიებლობა, ხელს უწყობს და აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს.



[1] Appendix to the Recommendation Rec(2006)8 of the Committee of Ministers to member states on assistance to crime victims, para. 2.1.

[2] Appendix to the Recommendation Rec(2006)8 of the Committee of Ministers to member states on assistance to crime victims, para. 10.1.

[3] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)