საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურორს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა. ასევე, ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რასაც სახალხო დამცველი პროკურატურის მუშაობაში ხედავს.
ნინო ლომჯარიამ მთავარ პროკურორს განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე უფრო ეფექტური თანამშრომლობის ფორმატი შესთავაზა, სადაც სახალხო დამცველს გამოძიების მსვლელობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. მთავარმა პროკურორმა სახალხო დამცველთან მჭიდრო თანამშრომლობის და კომუნიკაციის მზაობა დაადასტურა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია.