ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულთა შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ეხმიანება

ივნისისა და ივლისის თვეებში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 7–ჯერ გაუწიეს მონიტორინგი თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულთა აქციის მიმდინარეობას. აქციის მონაწილეთა განმარტებით, დროდადრო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ხელს უშლიან დასადგამი ქოლგის, კარვისა და გასაშლელი საწოლის დადგმასა და ბანერების გაშლაში. აღსანიშნავია, რომ აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ, ფართო ტროტუარზე მიმდინარეობს და არ აბრკოლებს ტრანსპორტის მოძრაობას, ასევე, არ ბლოკავს შენობის შესასვლელს.

მედიით გავრცელებული ვიდეომასალით დასტურდება, რომ ერთ შემთხვევაში საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულებს სამართალდამცავებმა არ მისცეს გასაშლელი საწოლის გამოყენების საშუალება, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავს ინციდენტს ჰქონდა ადგილი 2017 წლის 9 და 21 მარტს, როდესაც თბილისის საკრებულოსა და მთავრობის კანცელარიის შენობებთან შეკრებილ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულ მოვაჭრეებს პოლიციელებმა არ მისცეს კარვის დადგმის საშუალება ფართო ტროტუარის განაპირა ნაწილში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 6 აპრილს წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა შეესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების მიერ ჩადენილი კანონდარღვევა, გამოეკვლია, ხომ არ მოქმედებდნენ ისინი ზემდგომი თანამდებობის პირების მიერ გაცემული კანონსაწინააღმდეგო მითითებების შესაბამისად და შესწავლის შედეგების მხედველობაში მიღებით, კანონით გათვალისწინებული ზომები გამოეყენებინა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი ყველა პირის მიმართ. სამწუხაროდ, დასახელებულ წინადადებასთან დაკავშირებით მინისტრის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე, სახალხო დამცველს ინფორმაცია დღემდე არ მიუღია, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული შემთხვევები, არ იწვევს შენობის შესასვლელების ბლოკირებას თუ ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, სრულად არის დაცული შეკრების თავისუფლებით. შესაბამისად, დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეზღუდვა. აქციის მიმდინარეობისას კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია ასევე ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.[1] ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ უკანონოდ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს „პარტიზანი მებაღეებისთვის“ შეკრების უფლების და მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა.

იგივე პოზიცია დააფიქსირა სახალხო დამცველმა წარსულში მომხდარ არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც აქციის მონაწილეებს შეეზღუდათ კარვების, დასადგამი ქოლგისა და სკამის გამოყენება. აღნიშნული მიუთითებს, რომ შეკრების თავისუფლების რეალიზებას ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ხელოვნურად და კანონშეუსაბამო არგუმენტებით უშლიან ხელს, რაც მსგავს ფაქტებზე რეაგირების და ზემოაღნიშნულ სტანდარტებთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირების აუცილებლობას წარმოშობს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი ქმედებები შეუთავსებელია შეკრების თავისუფლებასთან და მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს ერთი მხრივ უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლების მიერ შეკრების თავისუფლების პატივისცემა და ამასთან, დროული რეაგირება მოახდინოს ყველა უკვე მომხდარი კანონდარღვევის ფაქტზე, რაც შეამცირებს მომავალში მათ გამეორებას.



[1] Osce/odihr Panel of Experts on the Freedom of Assembly, Guidelines on Freedom of Peaceful Assembly, Warsaw/Strasbourg 2010, Par. 18-19, pg. 30-31. იხ. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე №3/6463–16, გვ. 10.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)