ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის მსოფლიო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

2016 წლის 13-19 ნოემბერს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) რიგით მე-11 მსოფლიო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ომბუდსმენის ინსტიტუტის ევოლუცია“, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლარა ჯამარაული ესწრებოდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის დელეგაცია კონფერენციის ფარგლებში დაესწრო საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) გენერალურ ასამბლეას, სადაც განიხილეს ორგანიზაციის ანგარიში, სტრატეგია და აირჩიეს ახალი აღმასრულებელი კომიტეტი. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აზიისა და ევროპის ომბუდსმენთა რეგიონულ შეხვედრებში, რომელთა წევრი საქართველოს სახალხო დამცველიც არის.

16 ნოემბერს, კონფერენციაზე საპატიო მომხსენებლის სტატუსით მიწვეულმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის მრავალმხრივ მანდატზე, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაფართოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მისი უფლებამოსილებისა და საქმიანობის ფარგლების გათვალისწინებით, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია მსოფლიო ომბუდსმენთა ინსტიტუტებს შორის. სახალხო დამცველმა დეტალურად ისაუბრა პრევენციის ეროვნული მექანიზმის, ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ.

მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ომბუდსმენების რეგიონული შეხვედრები და სესიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის რამდენიმე იურისდიქციის მქონე ომბუდსმენების პრაქტიკაზე, ინოვაციურ იდეებზე ომბუდსმენთა სფეროში, რამდენიმე მანდატიანი ომბუდსმენის გამოწვევებსა და ომბუდსმენის მუშაობის შეფასების მეთოდოლოგიებზე.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) მსოფლიო კონფერენცია ომბუდსმენების მონაწილეობით გამართული ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. იგი მთელი მსოფლიოს ომბუდსმენებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც ცოდნის, გამოცდილებისა და სხვადასხვა მიმართულებით ჩამოყალიბებული პრაქტიკის გაზიარება ხდება. კონფერენცია იმართება 4 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა კონტინენტზე და მას ესწრებიან ომბუდსმენები ყველა ქვეყნიდან.

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის შემდეგი მსოფლიო კონფერენცია 2020 წელს გაიმართება და მას IOI-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი პიტერ ტინდალი ირლანდიაში უმასპინძლებს.

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი (IOI) დაარსდა 1978 წელს, როგორც დამოუკიდებელი გლობალური ორგანიზაცია. იგი აერთიანებს 170-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს ომბუდსმენთა ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ ინსტიტუტებს თანამშრომლობაში. როგორც წესი, ეს ორგანიზაციები განიხილავენ მოქალაქეთა საჩივრებს მათი ქვეყნების საჯარო ადმინისტრაციის შესახებ და იცავენ მოქალაქეებს უფლებების დარღვევებისგან.

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტს აქვს რეგიონული წარმომადგენლობები აფრიკის, აზიის, ავსტრალია/ახალი ზელანდია/წყნარი ოკეანის, ევროპის, კარიბის ზღვის, ლათინური ამერიკის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. ორგანიზაციას აქვს სამი სამუშაო ენა - ინგლისური, ფრანგული და ესპანური. გენერალური სამდივნო მდებარეობს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და მას ავსტრიის სახალხო დამცველის საბჭო მართავს.

საქართველოს სახალხო დამცველი ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტში 2014 წელს გაწევრიანდა. საქართველოს დელეგაცია 2016 წლის 13-19 ნოემბერს გამართულ ღონისძიებას კონფერენციის ორგანიზატორებისა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ ფინანსური მხარდაჭერით დაესწრო.


13.11.16-19.11.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)