საქართველოს სახალხო დამცველი რკინიგზელების შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება რკინიგზელთა შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს, რომლებიცმეორე დღეა შპს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან შრომის პირობების ცვლილებების გამო შიმშილობის აქციას მართავენ. 2017 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ და მონიტორინგი გაუწიეს აქციის მიმდინარეობს. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის შესაძლებლობა, რითაც ხელი ეშლებათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზაციის პროცესში.
15 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში აქციის მონაწილეებმა აღნიშნული დაწესებულების შეონობის შესასვლელიდან მოშორებით, მოშიმშილეთათვის გაშალეს კარავი, თუმცა სამართალდამცავებმა ჯერ სიტყვიერად მოითხოვეს კარვის დაშლა ან შენობიდან მოშორებით გადაადგილება, ხოლო შემდეგ კარავი თავად, იძულებით აიღეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის მიხედვით, აქციის მონაწილეების კითხვებს თუ რომელი სამართლებრივი რეგულაციები დაარღვიეს მათ და რის საფუძველზე ეკრძალებოდათ კარვის გაშლა, პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან საპასუხო ახსნა-განმარტებები არ მოჰყოლია. დღის მეორე ნახევარში, აქციის მონაწილეებს ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ მიღებული ბრძანების შესაბამისად, ვერ მისცემდნენ კარვის გაშლის შესაძლებლობას, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევდა ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეფერხებს. ვითარების დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით, დემონსტრანტებმა თავი შეიკავეს კარვის გაშლისაგან და ღია ცის ქვეშ გაათენეს ღამე. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ორივე შემთხვევაში გაესაუბრნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე სამართალდამცავ პირებს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალიდან დგინდება, რომ კარავი არ იყო გაშლილი და არც მისი ხელმეორედ გაშლა იგეგმებოდა სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ის ასევე არ ახდენდა აღნიშნული დაწესებულების შენობის შესასვლელის ბლოკირებას.
სახალხო დამცველმა კარვის გაშლის საკითხზე არაერთხელ ისაუბრა თავის საჯარო განცხადებებსა და ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში. სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტიურად დგას დღის წესრიგში. შესაბამისად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განვმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის კარვით სარგებლობის შეზღუდვა, ვინაიდან ადგილი არა აქვს შენობის შესასვლელების ბლოკირებასა თუ კანონდარღვევით სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.[1] ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდა ასევე საქართველოს სასამართლო სისტემაში და თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს „პარტიზანი მებაღეებისთვის“ შეკრების უფლებისა და მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა უკანონოდ მიიჩნია.
კონსტიტუციური დანაწესის გათვალისწინებით, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებული უფლებების დაცვის უპირველეს გარანტს სახელმწიფო უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, უკვე არაერთ შემთხვევაში, თავად სახელმწიფო გვევლინება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის დამაბრკოლებელ ინსტიტუტად. ამასთან, სამართალდამცავი პირების მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელების მოლოდინის გამო, მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ საკუთარი უფლებებით სარგებლობაზე უარის თქმა.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით, კვლავ პრობლემურია სახელმწიფოს ვალდებულებების ყველა ასპექტის თაობაზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიციური ინფორმირებულობა. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონისმიერი პრინციპების თავის საქმიანობაში დანერგვა. ამასთან, დროულად გატარდეს 15 აგვისტოს მომხდარ ზემოთ აღწერილ კანონდარღვევასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებები და მომავალში კანონშესაბამისი გარემოებების პირობებში, არ შეეშალოს ხელი აღნიშნული თუ სხვა აქციის მონაწილეებს კარვით სარგებლობასა და შეკრების თავისუფლების რეალიზაციაში.
[1] Osce/odihr Panel of Experts on the Freedom of Assembly, Guidelines on Freedom of Peaceful Assembly, Warsaw/Strasbourg 2010, Par. 18-19, pg. 30-31. იხ. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე №3/6463–16, გვ. 10.