საქართველოს სახალხო დამცველი ომბუდსმენთა საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ბიუროს წევრად აირჩიეს
2015 წლის 1 დეკემბერს ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული გაერთიანების (ENNHRI) გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე, „A“ სტატუსის მქონე 21 სხვადასხვა ქვეყნის ინსტიტუტიდან 15-მა, საქართველოს სახალხო დამცველი საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის (ICC) ბიუროს სრულუფლებიან წევრად აირჩია.
საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ზედიზედ მეორედ, სამი წლის ვადით აირჩიეს ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის (ECC) წევრად, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული გაერთიანების ადმინისტრაციულ და მმართველობით საკითხებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტი (ICC) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 4 რეგიონის: აფრიკის, ამერიკის, აზიისა და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებს. კომიტეტს მართავს საბჭო, რომელიც შედგება თითო რეგიონიდან არჩეული ოთხი „A“ სტატუსის მქონე ინსტიტუტისგან. გენერალური ასამბლეის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2016 წლის მარტიდან საქართველოს სახალხო დამცველი სამი წლით გახდება საბჭოში ევროპის რეგიონის წარმომადგენელი.