საქართველოს სახალხო დამცველი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და თანმდევ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592, გადაწყვეტილების იმპლემენტაცია და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სისტემური ცვლილებების განხორციელება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთების შესაბამისად.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას. ამასთან, ცვლილებები მხოლოდ ფორმალურად ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს ვინაიდან მასში არ არის გათვალისწინებული სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზანი - ნარკოტიკული საშუალების მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შესაბამისი ოდენობით ფლობის და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო ადამიანის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენების არაკონსტიტუციურობა.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით და მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული არა პიროვნების დასჯაზე, არამედ მის რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე. სამწუხაროდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ამ მიდგომას არ ითვალისწინებს. ინიცირებული კანონპროექტები საერთოდ არ ეხება სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას; პრობლემურია და სისტემურ გადახედვას საჭიროებს მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების მინიმალური ოდენობების საკითხი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული ან/და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე ან/და პირადი მოხმარების მიზნით, შედარებით მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, დამზადებაზე სასჯელის სახით არ უნდა იყოს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა.
ნარკომომხმარებლებისათვისპატიმრობისშეფარდებისარაკონსტიტუციურობისშესახებ,სახალხო დამცველმა 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით არსებული მანკიერი პრაქტიკა, რაც არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი. ე.წ. „ქუჩისნარკოტესტირების“ კანონიერებასთანდაკავშირებით,სახალხო დამცველმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2015 წლის 20 ნოემბერს წარადგინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, სისტემურად მიუდგეს საკითხს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებისკენ.