ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს 2016 წლის 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის N53 საარჩევნო უბანთან მოქალაქეებზე, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძალადობაში მონაწილე პირები ჯგუფურად მოქმედებდნენ; ვიდეო კადრებში ჩანს დაპირისპირებაში მონაწილეთა მიერ იარაღად ხელჯოხების გამოყენების ფაქტებიც.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ მსგავსი ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე, მოხდეს ძალადობრივი ქმედებების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა.

საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,გამოძიება დაიწყო საქართველოს სს კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. თუმცა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მასალებით, აშკარად იკვეთება ისეთი ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, იარაღად გამოყენებულია ხელჯოხები/სხვა საგნები და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რაც ქმნის სს კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. დაპირისპირების დროს დაფიქსირდა ჟურნალისტთა შეურაცხყოფისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც, რაც ასევე ცალკე დანაშაულს წარმოადგენს.

სახელმწიფო ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყოს დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ, ორგანიზებას უწევდნენ ან აქეზებდნენ ძალადობის ამ აქტს. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობა მიმართული იყო ოპოზიციური პარტიისა და ამ პარტიის მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რაც ხელისუფლებას აკისრებს საქმის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გამოძიებისა და მყისიერი რეაგირების ვალდებულებას.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე და წაახალისებს მსგავსი ძალადობის გამოვლინებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი.

ამასთან, სამართალდამცავთა ვალდებულებაა, არა მხოლოდ დანაშაულის გამოძიება, არამედ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების პრევენცია, თუმცა, ცხადია, რომ სოფელ კორცხელში პოლიციამ საკუთარი მოვალეობები ვერ შეასრულა.

არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება დემოკრატიული განვითარების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრა თანასწორი და ყოველგვარი ზეწოლისაგან თავისუფალი არჩევნების მეშვეობით მიიღწევა.

სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას და გამოძიების შედეგებს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)