საქართველოს სახალხო დამცველი „კიკეთის სკოლის“ მოსწავლეების ღია წერილს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი გაეცნო იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის XII კლასის მოსწავლეების ღია წერილს, რომლითაც მოსწავლეები გამოთქვამენ წუხილს საზოგადოების მხრიდან გამოვლენილ აგრესიის გამო, რომელიც სახალხო დამცველის მიერ მათი სკოლის მიმართ გაცემულ ზოგად წინადადებასმოჰყვა.
უპირველესად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სკოლის მიმართ გაცემული წინადადება შეეხებოდა ერთ კონკრეტულ ფაქტს, კერძოდ, 2017-2018 სასწავლო წელს VIII კლასში გადამსვლელი ბიჭებისთვის გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამას და წინადადებაში არ არის შეფასებული ზოგადად სკოლაში არსებული თანასწორობის მდგომარეობა. ამასთან, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ შეილახოს ბავშვების უფლებები და მოუწოდებს ყველას, აღნიშნულ საკითხზე გამოხმაურებისას მხედველობაში მიიღონ მოსწავლეების ინტერესები.
სახალხო დამცველი ვალდებულია უზრუნველყოს ქვეყანაში თანასწორობა და რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც განზრახ თუ გაუფრთხილებლობით ახალისებს ან შესაძლოა წაახალისოს დისკრიმინაცია. ზოგადი წინადადება პრევენციული ხასიათისაა და ემსახურება მომავალში დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოვლენის თავიდან აცილებას. სახალხო დამცველს 70-მდე რეკომენდაცია და ზოგადი წინადადება აქვს გაცემული თანასწორობის საკითხებზე სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ.
„კიკეთის სკოლასთან“ დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადების მომზადების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან, მიიჩნია, რომ როდესაც სტიპენდიის ან სხვა ბენეფიტის გადაცემა ადამიანისთვის ხდება მისი სქესის გამო, იმის მიუხედავად, იგი ბიჭია თუ გოგო, ასეთმა მიდგომამ მომავალში შესაძლოა გამოიწვიოს დისკრიმინაცია განათლების მიღებისას, დასაქმებისას ან სხვა რომელიმე სფეროში.
როგორც თქვენთვისაც ცნობილია, ქალები, საუკუნეების განმავლობაში, ადამიანის უფლებებით სრულყოფილად ვერ სარგებლობდნენ. დღესაც გვხვდება შემთხვევები, როდესაც ქალს დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, რადგან დამსაქმებელი, მცდარი სტერეოტოპების გავლენით, მიიჩნევს, რომ ქალი სამუშაოს სათანადოდ ვერ შეასრულებს ანდა რომ მისი ოჯახური მდგომარეობა (მეუღლე, შვილები), სამსახურთან შეუთავსებელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნლოვანია, რომ სწავლის ხელშეწყობა ან პროფესიული განვითარება დაკავშირებული იყოს არა სქესთან, არამედ ადამიანის საგანმანათლებლო თუ პროფესიულ უნარ-ჩვევებთან. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა კარგი განათლება მიიღონ, არ არის აუცილებელი, რომ კლასში გოგონების და ბიჭების მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ მათი წახალისება სხვა, ობიექტურ გარემოებებთან იყოს დაკავშირებული, რადგან კრიტერიუმად სქესის დაწესებამ, მომავალში შესაძლოა, თუნდაც უნებლიედ, დისკრიმინაცია გამოიწვიოს.
სახალხო დამცველი სთავაზობს სკოლების ადმინისტრაციებს, მათ შორის, „კიკეთის სკოლას“, რომ ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდეს სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის სემინარი, სადაც სახალხო დამცველი მათთან ერთად შეძლებს თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების შესახებ საუბარს.
სახალხო დამცველი წარმატებებს უსურვებს ყველა მოსწავლეს სწავლასა და მათ მომავალ საქმიანობაში.