საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაჩქარებული წესით, უკონკურსოდ დანიშვნის პროცესს.
როგორც ცნობილია, 2015 წლის 28 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის/დაწინაურების პროცესის ინიცირების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37–ე მუხლს, რომელიც საგამონაკლისო წესის სახით ითვალისწინებს მოსამართლეთა დანიშვნას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში კონკურსის გარეშე, ისე რომ დანიშვნა/დაწინაურების წესსა და პროცედურას არ განსაზღვრავს. საბჭოს წევრების უმრავლესობამ არ გაითვალისწინა სხდომაზე დამსწრე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კრიტიკული და დასაბუთებული მოსაზრებები ორგანული კანონის 37–ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით. შედეგად, საბჭომ მიიღო სრულიად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაბამისი წესისა და კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის/დაწინაურების თაობაზე. კრიტიკული მოსაზრებები განპირობებული იყო იმ გარემოებებით, რომ ობიექტური, მკაფიოდ გაწერილი, სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმისა და პროცესის არარსებობის პირობებში, სახალხო დამცველისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა გადაყვანა/დაწინაურების პროცესის დაწყება. ამასთან, სახალხო დამცველის მოსაზრებით, 28 სექტემბრის სხდომაზე აუცილებელი იყო მიღებულიყო გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ 68 ვაკანტურ ადგილზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე. თუმცა, ამ საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე დაფიქსირდა სახალხო დამცველის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, მოსამართლეთა სიმცირის გამო, შეინიშნება საქმის გონივრულ ვადაში განხილვის მოთხოვნის დარღვევის ტენდენცია.
2015 წლის 19 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კვლავ იმსჯელა ამ საკითხზე და ნაჩქარევად მიიღო გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც დაადგინა მოსამართლის სხვა სასამართლოში მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი. ამ წესის შესაბამისად, 2015 წლის 29 ოქტომბერს საბჭომ დაწინაურების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.
სახალხო დამცველის შეფასებით, გასაუბრების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობას. გასაუბრების პროცესში გამოვლინდა საბჭოს წევრების (ძირითადად ეს ეხება საბჭოს მოსამართლე წევრებს) ზედაპირული დამოკიდებულება პროცესის მიმართ. ძირითად აქტიურობენ და კითხვებს სვამენ საბჭოს არამოსამართლე წევრები, მაშინ როცა საბჭოს მოსამართლე წევრები ან საერთოდ არ ერთვებიან პროცესში, ან უკეთეს შემთხვევაში შემოიფარგლებიან ზოგადი, ზედაპირული და ტექნიკური კითხვებით. ამასთან, გასაუბრების პროცესში საბჭოს წევრების შემადგენლობა მუდმივად იცვლება, ისე რომ უზრუნველყოფილი არ არის საბჭოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის სტაბილურად დასწრება. სამწუხაროდ, არ რჩება შთაბეჭდილება რომ საბჭოს წევრების უმრავლესობა დაინტერესებულია კანდიდატების სამოსამართლო უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენითა და შეფასებით. აღნიშნული მით უფრო შემაშფოთებელია, როცა საქმე ეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საბჭოს წევრები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ მიერ აღებულ ვალდებულებას, რომლის მიმართაც საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში უკვე არსებობს ლეგიტიმური კითხვები და წარმართონ პროცესი ისე, რომ მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, გარეშე დამკვირვებლისათვის იყოს ობიექტური და დასაბუთებული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დაწინაურების პროცესის ისეთი ფორმალური სახით გაგრძელება, როგორც ეს 29 ოქტომბერს მიმდინარეობდა, არ შეუწყობს ხელს საზოგადოების ნდობის ამაღლებას მართლმსაჯულების მიმართ. სახალხო დამცველი განაგრძობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გადაყვანა/დაწინაურების მიზნით მიმდინარე გასაუბრების პროცესის დაკვირვებას.