ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი გურამ კაშიას EqualGame-ის ჯილდოს მიღებას ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიასთვის უეფას მიერ დაწესებული #EqualGame-ის ჯილდოს გადაცემის ფაქტს ეხმიანება და მას თანასწორობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის საერთაშორისო აღიარებას ულოცავს.

საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დისკრიმინაციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და წინასწარი განწყობებია. აღნიშნულს ადასტურებს გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების ცალკეული ჯგუფების აგრესია, რომლის მიზეზი მის მიერ თანასწორობის იდეის ღიად მხარდაჭერა გახდა.

გურამ კაშიას ქმედებამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს ერთმა სიმბოლურმა ჟესტმა ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერის და თანასწორობის იდეის პოპულარიზაციაში. სწორედ ამიტომ, ეროვნული ნაკრების წევრობა დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და წარმატებებს უსურვებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს.

#გურამშენთანვართ

#EqualGame

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)