საქართველოს სახალხო დამცველი გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად მიიჩნევს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება 2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის განხილვას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერას.
სახალხო დამცველის აზრით, საზოგადოებამ, 37000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნათლად გამოხატა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობა და ახლა ისტორიული ნაბიჯი საქართველოს პარლამენტმა უნდა გადადგას. საქართველოში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებული გამოწვევები ხაზს უსვამს საკითხის მნიშვნელობას და ყველა უწყების, მათ შორის, პარლამენტის მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი, ამასთან, პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინიციატივების სიმწირე და პოლიტიკური პარტიების არასაკმარისი ნება, ქალთა დაწინაურების ხელშეწყობისათვის. შედეგად, გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა დაბალი მონაწილეობა ნეგატიურად აისახება გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის ადვოკატირების პროცესზე და ხელს არ უწყობს გენდერულად დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა. პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების მიხედვით, საქართველო 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით, 193 ქვეყანას შორის 124-ე ადგილს იკავებს, 24 ქალით პარლამენტში.
დაბოლოს, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ მიმართულ ინიციატივას, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის.