ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს

2016 წლის 31 მაისს სახალხო დამცველმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში მოქმედ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა, რომელიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 12 სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არასაკმარისი დაფინანსება საბოლოო ჯამში იწვევს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვალიფიციური პერსონალის სიმცირეს, სათანადო, თერაპიული გარემოს არარსებობას, მკურნალობის, მოვლის, ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის დაბალ ხარისხს, ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას და თემზე დაფუძნებული სერვისების ხელმიუწვდომლობას.

საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა ადამიანური რესურსების მკვეთრ ნაკლებობას განიცდის. ასევე პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის პროფესიული სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე სათანადო სამუშაო პირობების და ადეკვატური სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიზიტების მიმდინარეობისას მონიტორინგის ჯგუფმა არაერთი შეტყობინება მიიღო პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. ამასთან, არასათანადო მოპყრობად შეიძლება შეფასდეს პაციენტთა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, რიგ შემთხვევებში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ფაქტები, ფიზიკური შებოჭვის მეთოდების და ინექციის სხვა პაციენტთა თანდასწრებით გამოყენება, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულვებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია. მონიტორინგის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებობს პაციენტთა შორის ძალადობის და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვის პრობლემა.

ზოგიერთ დაწესებულებებში არსებული ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არა მხოლოდ ხელს არ უწყობს ხელსაყრელი თერაპიული გარემოს შექმნას, არამედ ქმნის ისეთ ვითარებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. უმძიმესი პირობებია სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ქუტირი).

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ფორმალურად ნებაყოფლობით, ხოლო რეალურად არანებაყოფლობით სტაციონირებული პირების მოწყვლად სამართლებრივ მდგომარეობაზე. სასამართლო კონტროლს მიღმა მყოფი ბენეფიციარები ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას და მათი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო ინტერვენციებს და ფიზიკურ შეზღუდვას ექვემდებარებიან. ამგვარად ირღვევა ამ პაციენტების პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება.

ანგარიშში მიმოხილულია ფსიქიატრიულ დახმარებასთან და სომატური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მკურნალობის სტანდარტების შემოწმებისას სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ უმეტეს დაწესებულებაში, როგორც მენეჯერების, ასევე პერსონალის მიერ, მკურნალობა გაგებულია და დაყვანილია ფარმაკოლოგიურ თერაპიამდე, რაც თანამედროვე ბიოფსიქოსოციალური მიდგომის და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჯანდაცვის პრიციპებს არ შეესაბამება. მწვავედ დგას ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემა. არაერთი პაციენტი თვეების და წლების მანძილზე, ფაქტიურად, „გაუსვლელად“ იმყოფება სტაციონარში, ხშირად არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ ვერ ტოვებს საავადმყოფოს იმის გამო, რომ „წასასვლელი არ აქვს“ ან იმიტომ, რომ ოჯახი თავს არიდებს მის სახლში წაყვანას.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სომატური დაავადებების მკურნალობის კუთხით მწვავე პრობლემებია. როგორც გარდაცვლილ პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, არაერთ შემთხვევაში არსებობდა სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო გამოკვლევისა და მკურნალობის საჭიროება, მაგრამ სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდება ასეთი გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების გაზრდა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ასევე ფსიქიატრიული დახმარების ხარისხისა და დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება წარმოადგენს.



იხილეთ ფოტო გალერეა - flickr-ზე

საქართველოს სახალხო დამცველი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს 31.05.16 Public Defender Evaluates Human Rights Situation in Psychiatric Institutions

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)