საქართველოს სახალხო დამცველი ფინანსთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 2016 წლის 7 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ცალმხრივია, არ ასახავს მომხდარი ფაქტის რეალურ გარემოებას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.
საქართველოს სახალხო დამცველმა, მოქალაქე შ.კ.-ს გამოკითხვის, ამ პირის დაკავებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით კი, მოქალაქე შ.კ.-ს ჯანმრთელობის სხვა დაზიანებებთან ერთად აღენიშნება ცხვირის მოტეხილობა, ტვინის შერყევა და სხვა.
სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული შესწავლის შედეგები არ გამორიცხავს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს, მათ შორის მოქალაქე შ.კ.-ს მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუმცა, საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველი და მიზანი არის დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებს და მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება არ არის სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარება, ხოლო, ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიების დასაწყებად - თუკი დაკავებულს აღენიშნება დაზიანებები, ობიექტურმა და სრულყოფილმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას ან/და დაკავებისას გადამეტებული ან/და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მხოლოდ ობიექტური გამოძიებაა სახელმწიფოს მიერ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების შესრულება.