საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს ინტერნეტთავისუფლებისა და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაში განსაზღვრის ფაქტს, რაც წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას. თუმცა, ამავე დროს გამოთქვამს წუხილს, რომ კომისიამ სახალხო დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება არ გაიზიარა.
კერძოდ, პროექტში არ ასახულა შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის საკითხი; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების მიზანშეწონილობა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დაშვებულია საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელთა გასაჩივრების ვადა გასულია. აღნიშნული გამონაკლისი არის ერთგვარი გამოხმაურება საზოგადოებაში არსებულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე. მართლმსაჯულების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გადასინჯვის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის შესახებ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, შესაბამისად საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი მექანიზმის შექმნის მოლოდინი.
სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევის დაუშვებლობის თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს, ხოლო იქ სადაც ხელმეორედ არჩევა შეზღუდულია, სახალხო დამცველი აირჩევა 5 წელზე მეტი ვადით. ამასთან, გაუგებარია მსგავსი შეზღუდვის მიზანშეწონილობა, მაშინ როცა სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციონირების 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა პრეცედენტი ერთი და იმავე პირს მეორედ დაეკავებინოს ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არ გამოთქმულა საფუძვლიანი არგუმენტი, რომელიც გაამყარებდა ამ შეზღუდვის კონსტიტუციით განსაზღვრის აუცილებლობას.
შემოთავაზებული პროექტი გვთავაზობს ტექნიკურ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი უნდა ჩანაცვლდეს ომბუდსმენით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ არის მსგავსი ცვლილების განხორციელება, მით უფრო მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არის ტენდენცია ომბუდსმენის გენდერულად უფრო ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლების. ამასთან, უცხოური ტერმინის შემოღება არაა სახელმწიფო ენის პატივისცემის გამოხატულება. გარდა ამისა, მსგავსი ცვლილება არ ყოფილა შეთანხმებული სახალხო დამცველთან და საერთოდ, გაუგებარია თავად ცვლილების საჭიროება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ეს გამოიწვევს ფინანსურ დანახარჯებს და სხვა ტიპის პრობლემებს სახალხო დამცველის აპარატისთვის.
სახალხო დამცველმა კომისიის წინაშე დააყენა ინსტიტუტის საბიუჯეტო გარანტიების საკითხი, რაც გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით, სამწუხაროდ ეს ცვლილება არ აისახა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში.
და ბოლოს, ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს კომისიის მუშაობის ფორსირებული რეჟიმიც, რომელიც არ იძლევა პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მოსაზრებების წარდგენისა და პოზიციის დაფიქსირებისათვის ადეკვატური დრო და შესაძლებლობა. ამასთან, ბუნდოვანია თავად გადაწყვეტილების მიღების წესიც, არსებული შეთანხმების მიხედვით, გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო კონსენსუსის საფუძველზე, თუმცა კომისიის მუშაობის შედეგად კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში აღმოჩნდა ისეთი დებულებები, რომელთა მიმართაც სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის კონსენსუსი არ შემდგარა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და ასახოს ისინი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში.