საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თაობაზე
2016 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიში მოისმინა, რომლის შედეგად პარლამენტმა დადგენილება მიიღო და სახალხო დამცველის მთელი რიგი რეკომენდაციები გაიზიარა.
მისასალმებელია, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა, რითიც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის განხილვისა და მასზე რეაგირების მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა.
საგულისხმოა, რომ წინა წლების დადგენილებებთან შედარებით, მიმდინარე წლის დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების რიცხვი არსებითად გაიზარდა, თუმცა, სამწუხაროდ, იგი არ მოიცავს სახალხო დამცველის იმ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს, რომლებიც სისტემური ხასიათის მწვავე პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოს – შრომის ინსპექტორის შექმნის თაობაზე, რაც სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანი იყო ბოლო წლების განმავლობაში.
სამწუხაროდ, პარლამენტის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი მთელი რიგი მიმართულებებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე; კერძოდ, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე, რაც რეალურ დაბრკოლებას უქმნის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას და მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, მისი შემდგომი განხილვის პროცესი ჭიანურდება.
დადგენილებაში არაფერია ნათქვამი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტის დროულ ინიცირებაზე, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმი. არ არის გაზიარებული რეკომენდაცია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული რეგულაციების გადახედვის აუცილებლობაზე; ასევე რეკომენდაციები ეკომიგრანტების შესახებ კანონის დროულად მიღების და თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრების თაობაზე. დადგენილებაში არ ასახულა რეკომენდაცია საერთო სასამართლოებში საქმის განაწილების ელექტრონული წესის კანონით გათვალისწინებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული წესის შემოღებას, პარლამენტმა მხოლოდ ორი მოსმენით მიიღო. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის დასრულება დღემდე ჭიანურდება. საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა რეკომენდაცია, პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის ეთიკის ფარგლებში მოქცევისთვის, ეთიკის ნორმების და მის აღსრულებაზე უფლებამოსილი შესაბამისი მექანიზმის შექმნის შესახებ. დადგენილება ასევე არ მოიცავს რეკომენდაციას სპეციალური დროებითი მექანიზმის – კვოტირების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციას წარმოადგენს.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დღემდე უცნობია სახალხო დამცველის 2013–2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში მითითებული გახმაურებული და საზოგადოებაში მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების შედეგები. პარლამენტის მიერ გაუზიარებელ რეკომენდაციათა შორის არის რელიგიური სიძულვილით/შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე გამოძიების პროცესის დასრულების, ასევე, სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ამ დრომდე კვლავ უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალური გამოძიების შედეგები.
დადგენილება არ ითვალისწინებს რეკომენდაციას 2016 წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების წარმართვის, უმოკლეს ვადებში დამნაშავე პირთა გამოვლენისა და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების თაობაზე. დადგენილებაში არაფერია ნათქვამი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებისა და პარტიის წევრების, მათ შორის პარლამენტარების მიმართ ძალადობის ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე.
დადგენილება არ მოიცავს სახალხო დამცველის რეკომენდაციას ე.წ. „ოდეერების“ უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების და მისი დროულად, ეფექტურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვის თაობაზე. ამასთან, არ არის გაზიარებული სახალხო დამცველის რეკომენდაცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა შეისწავლოს ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების შემდეგ როგორ გრძელდება ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის იმ უწყებებში, სადაც მათი მუშაობა კანონით გამოირიცხა.
წინა წლების მსგავსად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის N7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის მიერ განხორციელებული ჩანაწერების გონივრული ვადით – არანაკლებ 10 დღით შენახვასთან დაკავშირებით, რაც წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი აუცილებელი მექანიზმია; ნაცვლად ამისა, დადგენილებაში ჩანაწერების შენახვის გონივრულ ვადად, სულ მცირე, 24 საათია მითითებული, რაც უკვე არსებული საკანონმდებლო რეგულაციაა და ვერ უზრუნველყოფს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთ დაცვის ეფექტური გარანტიებით.
საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე, თუმცა დადგენილებაში არ არის მითითებული მის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელწიფო უწყება და შესაბამისად, გაურკვეველია თუ როგორ მოხდება აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების უზრუნველყოფა და მისი მონიტორინგი. რეკომენდაციის უმოკლეს ვადაში შესრულების აუცილებლობაზე მეტყველებს ის ფაქტი რომ, 2015 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავთა მხრიდან, ასევე პენიტენციურ სისტემაში სავარაუდოდო ჩადენილი წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის წლიური ანგარიშებიდან უფრო მეტ სიღრმისეულ და შედარებით ანალიზს ითხოვს. სახალხო დამცველმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნული რეკომენდაციის პასუხად განაცხადა, რომ „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, 1260 გვერდიანი ანგარიში დეტალურად ასახავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, სწორედ სახალხო დამცველის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული სამუშაოების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე და ნათლად წარმოაჩენს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით თუ უარყოფით ტენდენციებს.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ, წლიური ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ახალი პრაქტიკის დამკვიდრებასთან ერთად, მოხდება სისტემური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარება, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.