საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესს
მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნას არსებითი გავლენა აქვს ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის, კანონის უზენაესობაზე აგებული და ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის თავდაპირველი გარანტიაა ისეთი კადრების შერჩევა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოსამართლის მაღალ სტატუსს.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა კანდიდატურების შეფასების პროცესში მნიშვნელოვანი იყო, სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული საერთო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველმა მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ცალკეული მოსამართლეების საქმიანობის შესახებ, 2005 წლიდან დღემდე, ერთად თავმოყრილი და შეჯამებული ინფორმაცია წარუდგინა. ინფორმაცია ეფუძნებოდა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პერიოდულად წარდგენილ რეკომენდაციებს დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ.
სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისე შეაჯამა კონკურსის შედეგები, რომ არც ერთ ეტაპზე არ განუხილია სახალხო დამცველის მიმართვა. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში არ მომხდარა ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა და მასზე მსჯელობისა და დისკუსიის წარმართვა; შესაბამისად, სახალხო დამცველისთვის უცნობია სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინების საკითხი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის პროცესი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მკაცრი კრიტიკის ფონზე წარიმართა. არაერთი საფუძვლიანი შენიშვნა იქნა გამოთქმული კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება დასმულ პრობლემებზე. საყურადღებოა შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიების არგამოქვეყნებას, კონკურსის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე არასათანადო რეაგირებას, გასაუბრების პროცესში კანდიდატების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, საბჭოს ცალკეული წევრების სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევებს და ა.შ.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის მსგავსი ხარვეზებით წარმართვა ხელს არ უწყობს ქვეყანაში დამოუკიდებელი და ინსტიტუციურად ძლიერი სასამართლო სისტემის შექმნას. სახალხო დამცველის აზრით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის პროცესის ისე წარმართვა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, გარეშე დამკვირვებლისათვის ობიექტური და დასაბუთებული ყოფილიყო. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმართული პროცესის მიმართ საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში არსებული ლეგიტიმური კითხვები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.
მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიმდინარეობის პროცესს და მეორე მხრივ, საზოგადოებაში აჩენს სერიოზულ კითხვებს საბჭოს ობიექტურობის შესახებ.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, დროულად განაახლოს სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტების განხილვა, რათა მოსამართლეთა დანიშვნის შემდგომი პროცესი სრულყოფილად წარიმართოს .