საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა
2016 წლის 30 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სახალხო პარტიის წევრს პაველ სვობოდას და დელეგაციის წევრებს ჰეიდი ჰაუტალას, მანგუს ნორდანსკოგს, ფრანცისკო რუიზ–რისუენოსა და ფრანჩესკა მელტრამენს შეხვდნენ.
სახალხო დამცველმა ევროპარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე განხილული იქნა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, სამართალდამცავ ორგანოებში და პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ინიციატივას და რეკომენდაციებს, რომელიც ამ კუთხით ომბუდსმენმა მომამზადა. საუბარი ასევე შეეხო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოძიების საკითხებს.
სახალხო დამცველმა ევროპის პარლამენტის წევრებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობაც მიმოიხილა და გააცნო ანგარიშები, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასა და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის საკითხზე.