ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

2017 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებს – პროგრესული ალიანსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრს კატი კირის, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს საჯად კარიმს, ევროპის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარეს კრისტიან დან პრედას და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ პარტნიორობის განყოფილების უფროსს მატიუ ბუსკეს შეხვდა. ასევე, დაესწრო ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას, სადაც 2016 წლის ადამიანის ულებების შესახებ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.

ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილა; ხაზი გაუსვა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით გამოწვეულ პოზიტიურ პროცესებს, პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით განხორციელებას; ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე.

უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექნის აუცილებლობაზე, რაც განპირობებულია სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტების ეფექტურად გამოძიების ხარვეზებით.სახალხო დამცველმა ასევე მიმოიხილა სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებისა და დაშავების ფაქტები და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობა, ქვეყანაში არსებული მედია გარემო და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის თანასწორობის ინსტიტუტთა ქსელის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში. საქართველოს სახალხო დამცველი არის რა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის ორგანო, ამ ეტაპზე ევროპული ქსელის წევრია დამკვირვებლის სტატუსით. თუმცა, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის ძალისხმევის შედეგად, 11 ოქტომბერს ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებით, ქსელის სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირის არაწევრი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანასწორობის ინსტიტუტებსაც შეეძლებათ. ეს ცვლილებები გზას უხსნის საქართველოს სახალხო დამცველის გაწევრიანებას ევროპულ ქსელში.

11.10.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)