საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განვითარებულ მოვლენებს, ასევე, მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 19 მარტს „რუსთავი 2-ის“ შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და იურისტს. აქციის მონაწილეების მითითებით, ისინი გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაჟღერებულ მოსაზრებას[1] აპროტესტებდნენ. ამასთან, „ქართული მარშის“ წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს დავით ერაძეს, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა პროფესიული საქმიანობის შესრულებისას განხორციელდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ „ქართული მარშის“ 6 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავა. (დაკავებული პირები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა). ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), ხოლო ტელეკომპანიის თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება).
მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ხულიგნობა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) „ქართული მარშის“ კიდევ 5 წევრი დააკავა. მოცემული ეტაპისთვის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირება გრძელდება.
სახალხო დამცველი მიესალმება სამართალდამცავი ორგანოს მიერ მომხდართან დაკავშირებით განხორციელებულ დროულ რეაგირებას. დანაშაულზე მყისიერ სამართლებრივ პასუხს მნიშვნელობა აქვს დაუსჯელობის განცდის გასაქარწყლებლად და სამომავლო შემთხვევების პრევენციისათვის.
ცალსახად უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გამოთქმული მოსაზრება სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ამასთან, სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ გამოძიება გონივრულ ვადებში მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას ყველა ჩადენილ დანაშაულს. ამ კონტექსტში საყურადღებოა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე[2] და 156-ე[3] მუხლები.
მედიით გავრცელდა აგრეთვე ინფორმაცია 2018 წლის 20 მარტს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე. მოცემულ საქმეზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს. სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების პროცესს.
[1] „ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ასე 2-3 წელიწადში აჭარაში, ჯვარზეც კი ვერ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის უკვე ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე და ასე იცოცხლებდა იესო მშვიდად, ღრმა სიბერემდე, უხეო აჭარაში. მთავარია, რა თქმა უნდა, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ ან უარესად.“
[2] ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.
[3] ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.