საქართველოს სახალხო დამცველი ბერლინში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს სხდომას დაესწრო
2016 წლის 12–14 ოქტომბერს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს (GANHRI) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროპის რეგიონის სრულუფლებიანი წარმომადგენლის სტატუსით საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაესწრო. 3 დღიანი შეხვედრის განმავლობაში ბიუროს წევრებმა ახალი სამწლიანი სტრატეგიული გეგმა, რეგიონულ დონეზე არსებული გამოწვევები და ორგანიზაციის მიმდინარე ანგარიშები განიხილეს.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ. ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ალიანსის სტატუსში შესულ ცვლილებებსა და აკრედიტაციის ქვე-კომიტეტის (SCA) საქმიანობაზე.
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს 4 რეგიონიდან: აფრიკიდან, ამერიკიდან, აზიასა და ევროპიდან. კომიტეტს თითოეული რეგიონიდან არჩეული „A“ სტატუსის მქონე ინსტიტუტებისგან შემდგარი ბიურო მართავს. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი გერმანიის, ფინეთისა და ხორვატიის ეროვნულ ინსტიტუტებთან ერთად, 2016 წლის 22 მარტიდან, სამი წლის ვადით იქნა ევროპის რეგიონიდან ბიუროს წარმომადგენელად არჩეული.