ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში იან კელისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ომბუდსმენმა დიპლომატს საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მართლმსაჯულების, პენიტენციური სისტემისა და პროკურატურის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები და არსებული გამოწვევები განიხილა; ისაუბრა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა დანიშვნა/დაწინაურების პროცესზე და ხაზი გაუსვა რეკომენდაციებს, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაუგზავნა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობა; სახალხო დამცველის რეკომენდაციები და სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე ახალი პროექტები.

უჩა ნანუაშვილმა იან კელის დეტალურად გააცნო ადამიანის უფლებათა აკადემიის შექმნის იდეა.

2.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)