საქართველოს სახალხო დამცველი აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება
ზუსტად 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. ჟურნალისტის მითითებით, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
2017 წლის 20 ივლისიდან, სახალხო დამცველის წინადადებისნაწილობრივი გათვალისწინების შედეგად, აფგან მუხთარლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. თუმცა, პროკურატურას დღემდე არ გაუზიარებია დასახელებული წინადადების ის ნაწილი, რომლითაც სახალხო დამცველი, პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახეზეა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობები, რამდენადაც ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შედეგად, მას მიადგა ზიანი, ხოლო სტატუსის მინიჭება აუცილებელია, რათა მუხთარლის და მის ადვოკატს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, დააკვირდნენ მიმდინარე გამოძიებას.
ამასთან, პროკურატურას დღემდე არ გამოუკვეთავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ან/და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, გამოძიება დაიწყოს იმ დანაშაულზე, რომლის შესახებაც გამომძიებელი/პროკურორი მიიღებს ინფორმაციას. განსახილველ შემთხვევაში, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებისთანავე მიუთითებდა, რომ მისი გატაცება და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემა განხორციელდა ჯგუფურად. შესაბამისად, სახეზე იყო წინაპირობა, გამოძიება დაწყებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის იმ ქვეპუნქტით, რომელიც გაწერს აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ შესაბამის ნიშანს. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმესთან კავშირში მყოფ მოვლენებს. მათ შორის, აღსანიშნავია კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა თანახმად, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ კადრში აფგან მუხთარლი უნდა გამოჩენილიყო, კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება. კერძოდ, მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში იცვლება დრო, ამინდი და მანქანების შემადგენლობა სადგომზე. აღნიშნულის თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გაჩენილა ეჭვი ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის დასადგენად დაინიშნა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა ათეულობით ვიდეო–სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, რომელთა ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ექსპერტიზა არ დანიშნულა.
აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2017 წლის 8 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიგზავნა შუამდგომლობა აფგან მუხთარლის გამოკითხვის თაობაზე. ვინაიდან აღნიშნულ შუამდგომლობაზე პასუხი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას არ მიუღიათ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს ქართულმა მხარემ დამატებით 2017 წლის 31 ივლისს და 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა შეხსენებით შუამდგომლობის განხილვის დაჩქარებასთან დაკავშირებით.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველს კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანის ომბუდსმენთანაც.
სამწუხაროა, რომ გამოძიების დაწყებიდან 6 თვის გასვლის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, პროკურატურის მიერ არ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რაც გააჩენდა ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას გამოძიების დროულად და ეფექტურად წარსამართად, ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას, მათ შორის, შესაბამის ექსპერტიზას ვიდეოჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და ამ საქმის გარშემო გაჩენილ კითხვებს ობიექტური მტკიცებულებებით უპასუხებს, რათა ყველა დამნაშავე პირმა პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. სახალხო დამცველი გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას აგრძელებს.