საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე მოხსენებით გამოვიდა
2017 წლის 8 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სიტყვით გამოვიდა ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა საბჭოს 34–ე სესიაზე, სადაც ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის მოდ დე ბოერ–ბუკიკიოს საქართველოში ვიზიტის ანგარიში განიხილეს.
თავის გამოსვლაში საქართველოს სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯზე, დადებითად შეაფასა საკანონმდებლო ცვლილებები, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს არსებული რეგულაციების აღსრულების მექანიზმი და გაუმჯობესდეს პასუხისმგებელი ორგანოების შესაძლებლობები.
სახალხო დამცველმა ბავშვის მიმართ ძალადობისა და ადრეული ქორწინების შემთხვევათა გამოვლენის და მათზე დროული და ეფექტური რეაგირების საკითხები განიხილა. მისი განცხადებით, სამწუხაროდ, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები არ ფლობენ ძალადობის პრევენციის უნარ–ჩვევებს და არ გააჩნიათ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა გამოვლენისათვის აუცილებელი ცოდნა. ამ მიმართულებით მთავარ გამოწვევად ცნობიერების დაბალი დონე, სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება რჩება.
სესიაზე სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა პრობლემებზე და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ინსტიტუტები სპეციალური მომხსენებლის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ და უახლოეს მომავალში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.