ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურის ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.

15 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა მაია კვირიკაშვილმა წარმოადგინეს.

მთავარი პროკურორის მოადგილემ დეტალურად განიხილა პოლიციისა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ობიექტური და ეფექტური გამოძიების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებები და მათი შესრულების სტატისტიკა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა გარდაცვალების ფაქტების შესახებ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ სახალხო დამცველის მიმართვის შესაბამისად, გამოძიებას ყველა ასეთ შემთხვევაზე იწყებს პროკურატურა; თუმცა, სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე კვლავ არის კვალიფიკაციის პრობლემა, კერძოდ, არცერთი შემთხვევა არ დაკვალიფიცირდა არასათანადო მოპყრობის მუხლით და ყველა გამოძიება იწყება უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით, რაც სახალხო დამცველის შეფასებით პრობლემას წარმოადგენს.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ აუცილებელია, მსგავსი დანაშაულების გამოძიებისათვის შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რადგან მსგავს საქმეებზე პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებების ეფექტურობის მიმართ კვლავ რჩება შეკითხვები.

2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, მაია კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და პროკურატურის სხვა ორგანოებმა ფართომასშტაბიანი და კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ასევე აღინიშნა, რომ ამ საქმეებს ახლა უკვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს. თუმცა სახალხო დამცველმა გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე გაამახვილა ყურადღება, 2008 წლის 12-13 ოქტომბერს სამი ოსი პირის გაუჩინარების საქმეზე, რომელზეც სპეციალური ანგარიში მომზადებული აქვს თომას ჰამარბერგს და რომლის გამოძიება კვლავ რჩება საქართველოს მთავარი პროკურატურის იურისდიქციაში.

რაც შეეხება ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირთა საქმის გამოძიებას, პროკურატურის ინფორმაციით, ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედება ჩატარდა და ჯერ–ჯერობით ინტენსიური გამოძიება გრძელდება. სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ მისი რეკომენდაცია არა მხოლოდ გამოძიების დროულ და ეფექტური დასრულებას ითხოვდა, რაც თავისთავად საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს, არამედ, სხვა საკითხებთან ერთად დაზარალებულთათვის სტატუსის მინიჭების პროცედურების დაწყებასა და ქვემდებარეობით საქმის გამოძიების მთავარი პროკურატურისათვის გადაცემას გულისხმობდა, რაც შესრულებული არ არის.

შეკრების და მანიფესტაციის უფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ ისაუბრა 2009-2012 წლებში შეკრებისა და მანიფესტაციის დარბევის არაერთ საქმეზე ჩატარებული და მიმდინარე გამოძიების დეტალებზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების შედეგებზე. აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მიერ მითითებული შემთხვევის უმეტესობა ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

სახალხო დამცველის აზრით, გამოძიება ჭიანურდება მათ შორის, მედიის წარმომადგენლთათვის შეკრება–მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საქმეზე, ამასთან რამდენიმე საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც გარდა დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემისა, რაც სახელმწიფომ უკვე შეასრულა, გამოძიების ეფექტიან ჩატარებასაც გულისხმობს. შესაბამისად, ამ საქმეებზე გამოძიების ეფექტურად წარმართვა და დროული დასრულება აუცილებელია მათ შორის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურაში უკვე ერთი წელია მუშაობს სპეციალიზებული დეპარტამენტი. ამჯერად შემოსულია 4445 განცხადება/საჩივარი. ცემა-წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე ქონების იძულებით დათმობის და ჩამორთმევის ფაქტებზე.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დასრულებულია 27 დანაშაულებრივ ეპიზოდზე თავისი სამართლებრივი შედეგებით, ამასთან, დაზარალებულად ცნობილია 34 პირი, რომელთაც ქონება დაუბრუნდათ.

სახალხო დამცველი ვერ მიიჩნევს ამ დეპარტამენტის მუშაობას ეფექტურად, რასაც მოყვანილი სტატისტიკაც ადასტურებს.

პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა და მისი ტერიტორიული დანაყოფები გამოძიებებზე აქტიურ საპროცესო ზედამხედველობას ახდენენ. 2014 წელს „იეჰოვას მოწმეების“ მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ 19 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 7 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ყველა ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ პროკურატურას არ წარმოუდგენია დეტალური ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით კვალიფიცირდება მსგავსი შემთხვევები, რადგან სახალხო დამცველის აპარატში წარმოებულ საქმეებში ჩანს კვალიფიკაციის პრობლემა, და სათანადო აქცენტი არ კეთდება სიძულვილის მოტივით ჩადენის ფაქტზე. ასევე აუცილებელია საქართველოს მთავარ პროკურატურაში არსებული სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას შეეხება, ხელმისაწვდომი იყოს სახალხო დამცველისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ისე რომ ზიანი არ მიადგეს გამოძიების ინტერესებს.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დეტალური სტატისტიკის წარმოების და შესაბამისი მონაცემების პერიოდულად გამოქვეყნების მიმართულებით სახალხო დამცველის რეკომენდაციის პასუხად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აღნიშნა, რომ შემუშავებულია რეკომენდაცია პროკურორებისთვის, ასევე 2015 წლიდან, მთავარი პროკურატურა სტატისტიკურ მონაცემებს უგზავნის საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შემდგომი გამოქვეყნებისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად მნიშვნელოვანია დაიხვეწოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ამჟამინდელი მეთოდოლოგია და მოხდეს მისი პერიოდული გამოქვეყნება.

15.02.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)