ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშები მოისმინეს

2018 წლის 28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის რეკომენდაციათა შესრულების ანგარიში წარმოადგინეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

გამომსვლელებმა აღინიშნეს, რომ უწყებები დიდი ყურადღებით ეკიდებიან სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, ბევრი მათგანი უკვე შესრულებულია და შედეგებიც აშკარაა, ზოგი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველი დაინტერესდა ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარების საკითხებით; არსებული სერვისების ქმედუნარიანობით და იმ ზომებით, რასაც სახელმწიფო იღებს პრობლემის გადაჭრისთვის. ასევე, ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების შესახებ გაცემული რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, ქართული ენის პოპულარიზაციის კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ არსებული პროგრამები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება, ვერ პასუხობს გამოწვევებს, რაც ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს უშლის ხელს.

დასასრულს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლიური ანგარიშის ფორმისა და შინაარსის ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა; აღნიშნა, რომ იგი ძირითადად სისტემური ხასიათის პრობლემების წარმოჩენისკენ იქნება მიმართული. ამასთან, სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტმა მსგავს, საკომიტეტო ფორმატში სახალხო დამცველის სპეცალური ანგარიშების განხილვაც დანერგოს, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით არსებული თემატური პრობლემები.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების მნიშვნელობაზე; მადლობა გადაუხადა იმ უწყებებს, რომლებმაც გაიზიარეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ვინაიდან რეკომენდაციათა ნაწილი პარლამენტის საკანონმდებლო მუშაობასაც ეხება, სამომავლოდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციას საქართველოს პარლამენტიც წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშების შეფასებას სახალხო დამცველი წერილობით გამოაქვეყნებს.

„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თაობაზე“ დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 14 ივლისს მიიღო და მასში სახალხო დამცველის 240–მდე რეკომენდაციაა შესული, რომელთა შესასრულებაც საქართველოს მთავრობას, სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებს დაევალა. 27 და 28 თებერვალს ანგარიშები 14-მა უწყებამ წარმოადგინა.

28.02.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)