ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის წლიური ანგარიში მოისმინეს

2017 წლის 18 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. თავის გამოსვლაში უჩა ნანუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა საპარლამენტო ანგარიშში ასახული ყველა მიმართულება და ძირითადი გამოწვევები. ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე დადებით და უარყოფით ტენდენციებზე; კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებებზე.

საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით არსებულ წარმატებებსა და ხარვეზებზე საუბრისას სახალხო დამცველმა უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის არარსებობაზე მიუთითა; ასევე, აღნიშნა, რომ დღემდე არ შესრულებულა, ან მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა გასული წლების მნიშვნელოვანი რეკომენდაციები; განიხილა მიმდინარე წლის რამდენიმე გახმაურებული საკითხი და თავისი პოზიცია დააფიქსირა ბათუმში განვითარებული მოვლენებისა თუ ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალების მიმართ.

სახალხო დამცველმა ისაუბრა ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შეცვლის მართებულობაზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ციხის სუბკულტურის ნიშნებზე, არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების გახშირებაზე, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის პროგრამების სიმწირეზე, პატიმრისა და სახალხო დამცველის (ან სახალხო დამცველის რწმუნებულის) შეხვედრისას კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში გახშირდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამართლიანობის აღდგენისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისათვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, ასევე, (2004–2012 წლებში) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების სამართლიანობის განხილვის მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

სახალხო დამცველის რეკომენდაციები მოიცავს მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო ჩაწერა–მოპოვება–გავრცელების შესახებ გამოძიების დასრულებას, სიღარიბის აღმოფხვრის, უსახლკარობის პრობლემის მოგვარების, მარტოხელა მშობლის საჭიროებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ადაპტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულია სოციალურად დაუცველთა ოჯახებში, ბავშვთა სახლებში და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა, ოჯახური ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, გახშირებული ქალთა მკვლელობებისა და სხვა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულობების აღრიცხვისა და გამოძიების ხარვეზები, ქალთა დაბალი ჩართულობა პოლიტიკური აქტივობაში, ლგბტი თემის მიმართ სიძულვილის გამოვლენის ფაქტები.

სახალხო დამცველს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ლტოლვითა, თავშესაფრის მაძიებელთა, ეკომიგრანტთა და რეპატრიანტთა პრობლემები. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ გარემოში მცხოვრები ათასობით დევნილისა თუ სათანადო საცხოვრებლის არმქონე პირთა მდგომარეობა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა საკითხზე საუბრისას უჩა ნანუაშვილმა უარყოფითად შეაფასა გამყოფ ხაზზე არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვა. აღნიშნა, რომ წლებია მწვავე პრობლემად დგას და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს შრომის უფლებებსა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტიანი ორგანოს შექმნა, მინიმალური ხელფასის ოდენობის კანონმდებლობით განსაზღვრა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების შემუშავება.

სახალხო დამცველის განცხადებით მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის კუთხით; დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა დადებითი მოვლენაა ეროვნულ უმცირესობათა და მათ შორის აფხაზური ენის სწავლების შემოღება.

ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შესახებ მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში ჯანსაღი მედიაგარემოს შენარჩუნებისა და ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხებზე. სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ინფორმაციის თავისუფლების, ასევე საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ლეგიტიმურ კითხვებს აჩებს მოსამართლეთა დანიშვნა–დაწინაურების კრიტერიუმები.

- დღეს წარმოდგენილ ანგარიში შესულია იმ ასობით და ათასობით ადამიანის ხმა, რომელსაც უნდა მოვუსმინოთ, რომელიც ჩვენგან მოელის თანადგომასა და დახმარებას, ვინაიდან არსებული რეალობაში სახეზეა ქალთა მკვლელობები, ძალადობა და სიძულვილი, ძალადობა, რომელიც 100 ლარიანი ჯარიმით ისჯება მხოლოდ. ეს არის რეალობა – ჩემი ქართული ოცნება კი ის საქართველოა, „სადაც არავის ექნება შეგრძნება, რომ მას უკანონოდ უსმენენ, სადაც დევნილი თავს არ იგრძნობს მეორეხარისხოვან ადამიანად, სადაც უმცირესობებს არ ექნებათ შეგრძნება, რომ მათ ხმას არავინ ისმენს, სადაც ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს არ ექნებათ ექსტრადიციის შიში, სადაც არცერთ პატიმარს არ გაუჩნდება კითხვა – იქნება თუ არა გამოძიებული მისი წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის საქმე და იქნება თუ არა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საერთოდ, სადაც ტყიბულში, მაღაროებში მიმავალ მუშას არ გაუჩნდება კითხვა, დაბრუნდება თუ არა ოჯახში. სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირები არ იქნებიან მეტად უჩინარნი და დაუსჯელობის სინდრომი აღარ იქნება, სადაც სასამართლოს იმედი ექნება ყველას, სადაც პარლამენტი გაიზიარებს გენდერული თანასწორობის აუცილებლობას და კვოტირებას. ეს იქნება გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის.

დღეს წარმოდგენილი ანგარიში გვახსენებს, რომ ყველანი უნდა ვიყოთ უკომპრომისონი ძალადობის, შეუწყნარებლობის, დევნის და დისკრიმინაციის, ფემიციდის გამოვლინებისადმი. ანგარიში გვახსენებს, რომ ადამიანი არის ყველაზე მაღალი ღირებულება და ჩვენი ვალდებულებაა ამ ღირებულების დაცვა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა თავისი გამოსვლის დასასრულს.

მოხსენების შემდეგ სახალხო დამცველმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხა.

სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველის ანგარიშის შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელშიც სახალხო დამცველის რეკომენდაციათა მხოლოდ ნაწილია ასახული. დადგენილება საქართველოს პარლამენტს ჯერ არ მიუღია.

18.05.17
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)